ვინ არის ქართველი ბიზნესმენი, ვისაც პრემიერმა მადლობა გადაუხადა

ლონდონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტს ესწრება, ქართულ დიასპორას მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში შეხვდა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ქართველი ბიზნესმენი თამაზ სომხიშვილი, რომელმაც ლონდონის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი შეიძინა და საქართველოს საპატრიარქოს გადასცა. ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამისთვის.

1957 წელს დაბადებული თამაზ სომხიშვილი 50 ყველაზე მდიდარ ქართველს შორის სახელდება. სხვადასხვა წყაროს ცნობის მისი ქონება ასეულობით მილიონ დოლარს აღწევს.

ქართველმა მილიონერმა საქართველო გასული საუკუნის 90-იან წლებში დატოვა და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სხვადასხვა ბიზნესი წამოიწყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სომხიშვილი კომპანია „როსნეფტექსპორტის“ მფლობელი და გენერალური დირექტორი იყო. ზოგიერთ მედიასაშუალებაში თამაზ სომხიშვილი რუს ბიზნესმენად და ინვესტორადაც არის მოხსენიებული, მის ანგარიშზე ბიზნესში აქტიურად ყოფნის 30 წელზე მეტია. მისი ბიზნესსაქმიანობა ძირითადად სოფლის მეურნეობას, ინდუსტრიულ სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას მოიცავს. თამაზ სომხიშვილი კომპანიებს ფლობს რუსეთში, ევროპასა და საქართველოში.

ქართველი მილიონერი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, გასულ წელს საქართველოს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ესტუმრა და შეხვედრები გამართა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქათან, ასევე ქართველ ბიზნესმენებთან. თამაზ სომხიშვილის საქართველოში ვიზიტის მიზანი საქართველოში პროფესიული განათლების ხელშეწყობა და ამ მიზნით თბილისში მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტის ფილიალის გახსნა იყო. "პატრიარქი დიდი ხანია მთხოვდა, გერმანელებს ესწავლებინათ შრომის კულტურა ქართველებისთვის", - აღნიშნა თამაზ სომხიშვილმა.

თამაზ სომხიშვილი ასევე არის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეურვეო საბჭოს წევრი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფონდის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.