სამშენებლო სექტორი გარეუბნებისკენ გადაინაცვლებს?!

გარეუბნებში ახალი კორპუსების მშენებლობები აქტიურდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სამშენებლო სფეროში K2 კოეფიციენტთან დაკავშირებული შეზღუდვის შემდეგ კომპანიების ნაწილს პრიორიტეტის შეცვლა მოუწევს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, აქცენტი გარეუბნებზე გაკეთდება. რაც შეეხება რეგიონებს, პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს, რადგან მშენებლობა მსხვილ რეგიონულ ცენტრებშიც კი სარისკოა ცხოვრების დაბალი დონის გამო.

იმისთვის, რომ მშენებლობა განვითარდეს, სპეციალისტების აზრით, გარეუბნებში ურბანული ინფრასტრუქტურაც უნდა შეიცვალოს. მშენებლების ერთი ნაწილი თვლის, რომ გარეუბნებში ამ მხრივ პრობლემაა და პერიფერიებში ახალი პროექტები მასობრივად ვერ განხორციელდება.

"აიჯიეს ჯგუფის" ხელმძღვანელის, სამშენებლო სფეროს ექსპერტ შოთა გუჯაბიძის შეფასებით, თბილისის ცენტრალურ უბნებზე მოთხოვნა სამომავლოდაც შენარჩუნდება, თუმცა პროცენტულად გაიზრდება გარეუბნების წილიც და მშენებლობების ნაწილი ამ მიმართულებითაც გააქტიურდება.

"ერთი რეგულაცია ცვლილებას ვერ გამოიწვევს. ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა. ისე, რომ მთავარი აქცენტი გარეუბნებზე გაკეთდეს, გადაჭარბებული ნათქვამია. ასე ნამდვილად არ იქნება. პრიორიტეტების შესაცვლელად უძრავი ქონების ბაზარს კომპლექსური ცვლილება ესაჭიროება. თუმცა, უდავოა ისიც, რომ სამშენებლო სფეროში დაწესებული შეზღუდვა გავლენას მოახდენს ქალაქის იერსახეზე, უფორმო და უსხეულო კორპუსები თბილისს არ სჭირდება, რადგან ისტორიული ნაწილის მთლიანობას არღვევს. ამ მიზნით მიმართული რეგულაციის არსი იმისკენაა, რომ დედაქალაქის ტრადიციული იერსახე შენარჩუნდეს, რასაც ერთსულოვნად მხარს ვუჭერ", - აცხადებს გუჯაბიძე.

ექსპერტი ფიქრობს, რომ სამშენებლო სფერო გარეუბნებში ცალსახად ვერ განვითარდება, თუ ურბანული ინფრასტრუქტურა არ შეიცვლება. "პირველ ეტაპზე, გარეუბნებში ურბანული ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს. ამ მიმართულებით ბევრია გასაკეთებელი. შეიძლება, მშენებლობის რაღაც ნაწილმა გადაინაცვლოს გარეუბნებში, მაგრამ მოთხოვნა თბილისის ცენტრზეც დიდი იქნება. პერიფერიების განვითარებას თავიდანვე უნდა დაგეგმარება, ეს მარტივად არ ხდება. ჯერჯრეობით ვერ ვიტყვით, რომ მშენებლობების გადატანა გარეუბნებში მასობრივად მოხდება, ამის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს", - აცხადებს გუჯაბიძე.

სპეციალისტების ნაწილს საპირისპირო მოსაზრება აქვს და მიაჩნია, რომ სამშენებლო კომპანიების უმეტესობას არჩევანის გაკეთება გარეუბნების სასარგებლოდ მოუწევს. როგორც "მენაშენეთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი განმარტავს, ეს იქნება წინაპირობა, რომ გარეუბანი უფრო მეტად განვითარდეს და იქ ცხოვრება პრესტიჟული გახდეს.

"სამშენებლო სფეროში ახალი რეგულაციის შემოღება ძალიან კარგია და აქამდეც უნდა გაკეთებულიყო. თუმცა შეზღუდვა ცალსახად მაღალსართულიანი სახლების მშენებლობას არ უკავშირდება. კანონი კრძალავს ნებართვას მხოლოდ სართულის დაშენებაზე ანუ მშენებელს არ შეეძლება მოითხოვოს იმაზე მეტი, რაც პროექტით არის გათვალისწინებული. K2 კოეფიციენტი ყოველთვის კორუფციისა და გარიგების გზა იყო. კარგია, რომ ერთხელ და საბოლოოდ აიკრძალება. ვიღაცას მაღალი კოეფიციენტით თუ მოუნდება მშენებლობა, სხვა უბნებში ააშენოს და განავითაროს. მე, როგორც სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი, პერიფერიებზე ვფიქრობ გასვლას, რადგან მოთხოვნა არის უფრო მეტი. ვარკეთილსა და ვაკეში მშენებლობის ხარჯი აბსოლუტურად ერთნაირია, მაგრამ რადგან ვაკეში მიწა ძვირი ღირს, ბინაც, შესაბამისად, მეტად ფასობს", - აცხადებს როსტომაშვილი.

მისი ვარაუდით, შეიძლება, მოთხოვნა მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზეც გაჩნდეს. ამასთან, აითვისონ ყველა ის უბანი, სადაც კომუნისტურ პერიოდში მიტოვებული წარმოებებია. როსტომაშვილი ვარაუდობს, რომ ამ ტერიტორიებზე მშენებლობის ბუმი გაჩნდება.

"მასობრივი მშენებლობების ფონზე გარეუბნებიც უფრო მოწესრიგდება და პრესტიჟიც აიწევს. ვაკე-საბურთალოს შემდეგ, საინტერესო და კარგად განვითარებადი მეჩვენება ვარკეთილი-ვაზისუბნისა და გლდანი-ნაძალადევის მიმართულება. ასეთი შეიძლება იყოს საბურთალოს ზედა ნაწილიც, ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია და სხვა. ყველა ის ადგილი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი კარგად არის განვითარებული, განსაკუთრებით კი მეტრო. არ გამოვრიცხავ - მეტროებთან მდებარე საცხოვრებელ კორპუსებზე მეტი მოთხოვნა გაჩნდეს, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია. ამასთან, გარეუბნებში ბევრი კომუნისტურ პერიოდში მიტოვებული წარმოებაა და ერთ დროს შეიძლება მშენებლობების ბუმიც გაჩნდეს", - აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

რაც შეეხება გარეუბნებს, იგი ამ მხრივ პერსპექტივას ნაკლებად ხედავს. "რეგიონში უძრავი ქონების ბაზარს მყიდველი არ ჰყავს. მშენებლობა მოსახლეობის შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. ყველა სამშენებლო კომპანიის ნატვრაა, ბევრი მდიდარი ადამიანი ცხოვრობდეს ქვეყანაში, მაგრამ რეალობა, სამწუხაროდ, სხვაა", - დასძენს როსტომაშვილი.

გარეუბნებში მშენებლობების გააქტიურებას ვარაუდობს "ბესტი ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი. მალხაზ კოხრეიძის შეფასებით, ამით ცენტრალური უბნები განიტვირთება, ხოლო გარეუბნებში ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო მოწესრიგდება.

"დედაქალაქი, მისი ცენტრალური უბნები აქამდე ქაოსურად ვითარდებოდა. ცათამბჯენები შენდებოდა უსახური კონსტრუქციებით და ქალაქის ტრადიციული იერსახე დამახინჯდა. რეგულაცია დაგვიანებულიც კი მეჩვენება, რადგან თბილისის ცენტრში ახალი კორპუსის ასაშენებელი ადგილიც კი აღარ დარჩა. ეს მაშინ, როცა გლდანში ჩვენ კომპანიას დამხმარე ტექნიკური ნაგებობის ჩადგმის უფლება არ მისცეს. ყველაფერს შაბლონურად განიხილავდნენ და სამშენებლო სფეროში ქაოსიც ამან გამოიწვია. ჩემი აზრით, ამიერიდან აქცენტი გარეუბნებზე გაკეთდება. კომპანიების მხრიდან ეს იქნება ძალიან კარგი გადაწყვეტილება. ახლა მეტი შანსია, რომ გარეუბანი უფრო განვითარდეს", - განმარტავს კოხრეიძე.

მაღალი კორპუსების მშენებლობას, სადაც არ უნდა აშენებდნენ, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ურბანისტი, თბილისის საკრებულოს წევრი მანუჩარ მაჩაიძე. მისი შეფასებით, დედაქალაქი სეისმურად საშიშ ზონას წარმოადგენს და ცათამბჯენების მშენებლობა დაუშვებელია.

"90-იან წლებში, როცა რაჭაში მიწისძვრა მოხდა, ორსართულიანი სახლები დაინგრა. წარმოდგენაც არ მაქვს, რა შეიძლება დაემართოს ამ კორპუსებს, მით უმეტეს, სეისმურად აქტიურ ზონაში ვცხოვრობთ. სამშენებლო ბიზნესი ფულის კეთებაზეა ორიენტირებული და ადამიანის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ძველ უბნებსა და მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე ცათამბჯენები ადრეც უნდა შეეზღუდათ. შეიძლება მშენებლობამ გადაინაცვლოს გარეუბნებში, მაგრამ რა მასშტაბს მიაღწევს, ვერ გეტყვით. თუმცა, დავძენ, რომ მაღალი სახლების მშენებლობას, როგორც ცენტრში, ასევე გარეუბნებშიც, მკაცრად ვეწინააღმდეგები. ვფიქრობ, რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება მოგვიწევს, რომ კომპლექსური ცვლილება დაიგეგმოს", - აცხადებს მაჩაიძე.

შეგახსენებთ, რომ K2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით შეზღუდვის ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის. მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დადგინდება ქალაქის განაშენიანების ცივილური წესები, რაც დედაქალაქის მთავრობას თბილისში ქაოსური მშენებლობების დარეგულირების შესაძლებლობას მისცემს. რაც შეეხება სხვა უბნებს, დროებითი შეზღუდვა მათ არ შეეხება, რათა გარეუბნებს განვითარების საშუალება მიეცეს.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"