ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე გასვლის პერსპექტივები

ქართულ თაფლის საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრას რეალისტურად მიიჩნევს.

როგორც ALLNEWS-ს უწყებაში განუცხადეს, მიმდინარე წელს განხორციელებული კონტროლის შედეგები ევროკავშირში უკვე გადაგზავნილია და სახელმწიფო მათგან დადებით პასუხს ელის.

ქართულ თაფლს მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი აქვს.

თუმცა, ევროკავშირის ქვეყნებში მისი მოხვედრა მხოლოდ შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ქართველი მეფუტკრე ფერმერებისთვის თაფლში ვეტერინარული პრეპარატების, ანტიბიოტიკების ნარჩენებია.

"ევროკავშირს ყველა სურსათისადმი, მათ შორის თაფლისადმი სხვადასხვაგვარი მოთხოვნა აქვს. ევროკავშირის რეგულაციებით დადგენილი მოთხოვნები საქართველოში იმპლიმენტირებულია და მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან ძალაში შედის. სურსათის ეროვნული სააგენტო უკვე სამი წელია ამ მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს კვლევებს. ამ ეტაპზე ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ და მინდა გითხრათ, რომ პროგნოზი არც თუ ისე პესიმისტურია. ქართულ თაფლს ევროპის ბაზარზე მოხვედრის შანსი შესაძლოა წელსაც გაუჩნდეს", - აღნიშნავს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე კახა სოხაძე.

მისივე განმარტებით, მიღებული დადებითი პასუხის შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მალევე აისახება ევროკავშირის კანონმდებლობაში და ბიზნესოპერატოებს ექსპორტის შესაძლებლობა მიეცემათ.

კახა სოხაძის თქმით, ევროკავშირის ძირითადი მოთხოვნა სურსათის უვნებლობაა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ღირსეულად წარმოჩენაში მნიშვნელოვან მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ ცალკეული ბიზნესოპერატორების მხრიდანაც დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი.

"დღეს ქვეყანაში 300-მდე თაფლის მწარმოებელი კოოპერატივია დაფუძნებული.

სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება, როგორც ცოდნის ამაღლების, ისე ტექნიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით. მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ მეფუტკრეობამ მიიღოს ინდუსტრიული ხასიათი", - აცხადებს კახა სოხაძე.

განაგრძეთ კითხვა