ქართულ სოკო ექსპორტზე დუბაისა და სომხეთში გავიდა

სოკოს მწარმოებელი კომპანია ,,თეთრი ქუდის” ახალი საწარმო შემოდგომამდე ამოქმედდება.

როგორც კომპანიის დირექტორმა ვანო იოსელიანმა ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა, ამ ეტაპზე მომზადებული პროექტის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანიის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა ერთ მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

ახალ საწარმოში ქამა სოკოს სუბსტრატის მომზადება იქნება შესაძლებელი. თუმცა ვანო იოსელიანის განმარტებით, სოკოს წარმოებისთვის საჭირო ეს ნედლეული ძირითადად შიდა მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი.

რაც შეეხება ექსპორტს, კომპანია ორი მიმართულებით მუშაობს. სულ ახლახან ექსპორტი დუბაისა და სომხეთში განხორციელდა. კომპანიის დირექტორი ვარაუდობს, რომ მოთხოვნა შემოდგომაზე გაცილებით დიდი იქნება.

,,საერთოდ ამ პროდუქციას სეზონურობა ახასიათებს. ზაფხულში მოთხოვნა ყოველთვის მცირდება. თუ მაისში 30 ტონამდე ექსპორტი გვაქვს დაგეგმილი, ვიმედოვნებთ, რომ სექტემბრიდან ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება”, - აღნიშნავს ვანო იოსელიანი.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ივნისში 150-160 ტონა კალმახა სოკოს სუბსტრატის ექსპორტს განახორციელებს. ,,თეთრი ქუდი” სამი სახეობის სოკოს: ქამას, კალმახასა და პორტობელოს აწარმოებს.

ქრისტინე გამთენაძე