სამტრედიაში ახალი სასათბურე მეურნეობა გაიხსნება

ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია ,,იმერეთი გრინერი” სამტრედიაში ახალ სასათბურე მეურნეობას გახსნის.

როგორც კომპანიის წარმომადგენლი დავით ჩხეიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, სათბური ექსპლუატაციაში თვის ბოლოს შევა.

მისივე ინფორმაციით, 1,6 ჰექტარზე განლაგებულ ახალ სათბურში სამი სახეობის კიტრის წარმოება დაიწყება. პროდუქციით პირველ ეტაპზე ადგილობრივი სარეალიზაციო ბაზარი მომარაგდება. მომავალში კი შესაძლოა, კომპანიამ პროდუქცია ექსპორტზეც გაიტანოს.

დავით ჩხეიძის განმარტებით, სათბურში კვირის მანძილზე 22-25 ტონა კიტრის წარმოება იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, ,,იმერეთი გრინერის” წარმომადგენლები აქცენტს ადგილობრივი ბაზრის ათვისებაზე აკეთებენ. სამტრედიაში მდებარე სათბურში ამჟამად კომპანია სალათის ფურცლებსაც აწარმოებს.

,,პირველ რიგში ჩვენთვის პრიორიტეტულია ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლება. სალათის ფურცლის შემთხვევაში, გარკვეულწილად ეს შევძელით კიდეც. სალათის ფურცლის სასათბურე სისტემა ნახევარ ჰექტარზეა განთავსებული, მცირე მოცულობის გამო, საექსპორტო ბაზარზე არ გვიფიქრია. გვყავს კორპორატიული კლიენტები. მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ დიდია”, - აღნიშნავს დავით ჩხეიძე.

კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ახალი პროექტის საინვესტიციო მოცულობა მთლიანობაში დაახლოებით 5 მილიონი ევროა. მისივე თქმით, პროექტი საპარტნიორო ფონდისა და ჰოლანდიური ჯგუფის თანამონაწილეობით ხორციელდება.

ქრისტინე გამთენაძე