საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონპროექტი ბიზნესსა და მომხმარებელს მხოლოდ ხარჯებს გაუზრდის

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი მომხმარებლებსა და ბიზნესს დააზიანებს - ასეთია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პოზიცია იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის მიერაა ინიცირებული და გუშინ მეორე მოსმენით იქნა განხილული დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მიერ.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, იმ ფონზე, როდესაც საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით უკვე არსებობს არაერთი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ცალკეულ სექტორებში უკვე არსებობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტები, ვფიქრობთ რომ ახალი, პარალელური და რაც ყველაზე მთავარია ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუსაბამო რეგულაციების შემოღება მძიმე ტვირთად დააწვება ბიზნესს, მომხმარებელს და სახელმწიფო ბიუჯეტს.

”ხაზგასმით გვინდა აღვიშნოთ, რომ ერთი შეხედვით კეთილშობილური, მაგრამ ამავდროულად ევროკავშირის დირექტივასთან შეუსაბამო, უკვე არსებული კანონმდებლობის პარალელური ნორმების შემოღება, ქვეყნის ეკონომიკური რეალობის და საჭიროებების გაუთვალისწინებლად, სერიოზულ პრობლემას შეუქმნის განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს, ათეულ ათასობით მოვაჭრეს თუ მეწარმეს, მსხვილ ბიზნესს კი მნიშვნელოვნად გაურთულებს ოპერირებას, მომხმარებლისათვის გააძვირებს პროდუქციის და მომსახურების ღირებულებას, შეამცირებს მათზე ხელმისაწვდომობას და უარყოფითად აისახება კონკურენტულ გარემოზე;

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, პასუხისმგებლობით ეკიდება ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირთან ასოცირების პროცესში აღებული ვალდებულებების შესრულებას და ამასთანავე, სრულად აცნობიერებს, რომ შეუძლებელია ბიზნესისა და მომხმარებლების მიერ ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და ერთმანეთის საზიანოდ;

ზემოთქმულიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიგვაჩნია მსგავსი საკანონმდებლო აქტების მიღება, ვიდრე სრულად არ იქნება გათვალისწინებული მათი მოსალოდნელი ზეგავლენა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით, არ იქნება ისინი მოყვანილი ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში”, - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.