მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის პარლამენტში კიდევ ერთი შეღავათი მზადდება

„თუ ჩვენი ხელისუფლება ცდილობს 5 ათას ლარად მცირე ბიზნესი განავითაროს, ეს ძალიან მცდარი მიდგომაა“

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ჩვენს ქვეყანაში ორი წლის წინ დაიწყო. მისი მიზანი ადგილობრივი წარმოების სტიმულირება და ქართული პროდუქციის შექმნა გახლავთ. აღნიშნული პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს. 2014 წლიდან მოქმედებს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“, რომლის მთავარი დანიშნულებაც ასევე მეწარმეობის ხელშეწყობაა. სულ მალე, პროგრამის ბენეფიციარებს კიდევ ერთი სიახლე შეეხება - მათ პროგრამის ფარგლებში მიღებული საგრანტო დაფინანსებიდან საშემოსავლო გადასახადის გადახდა აღარ მოუწევთ. მეწარმე, რომელიც სახელმწიფოსაგან გრანტის სახით 5000 ლარს მიიღებს, საშემოსავლო გადასახადით აღარ დაიბეგრება, ეს კი, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას საჭიროებს. ცვლილებები უკვე ინიცირებულია და საქართველოს პარლამენტი განიხილავს. აღსანიშნავია ისიც, რომ შეღავათი შეეხება მხოლოდ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ მიკრო და მცირე მეწარმეებს.

უფრო დაწვრილებით ამ საკითხზე მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი - ოთარ ანთია გვიამბობს.

„აღნიშნული ინიციატივა ეხება მიკრო და მცირე მეწარმეობის მიმართულების ბენეფიციარებს. პროგრამა ხორციელდება საქართველოს რეგიონებში და მიზნად ისახავს რეგიონში ბიზნესის განვითარების მსურველთათვის ორი ტიპის მხარდაჭერას - ახალი სამეწარმეო საქმიანობის წამოწყების, ან არსებულის გაფართოების მიზნით აუცილებელი ფინანსური რესურსის მიწოდებას. ერთ ბენეფიციარზე გაიცემა 5000 ლარამდე, ორი ბენეფიციარის გაერთიანების შემთხვევაში 10 000 ლარამდე, სამი ბენეფიციარის გაერთიანების შემთხვევაში კი - 15 000 ლარამდე. აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება, რომ მიკრო და მცირე ბიზნესი მთლიანად თავისუფლდება გადასახადებისაგან, ეს ცვლილება ეხება მხოლოდ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილ თანხებს. ვფიქრობთ, რომ გამოყოფილი თანხის მოცულობა საკმარისია რეგიონებში მიკრო ბიზნესის წამოსაწყებად, რასაც პროგრამის განხორციელების პირველი ეტაპის სტატისტიკაც ადასტურებს, კერძოდ, 1137 თანადაფინანსებული ბიზნეს იდეა. ამ ბენეფიციარებმა შეძლეს საკუთარი იდეების მატერიალიზაცია და მოგებაზე ორიენტირებული კომერციული საქმიანობის შექმნა. რეგიონებში მიკრო ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული მთელი რიგი წარმატებული საერთაშორისო და ადგილობრივი პროგრამების ფარგლებშიც მიმდინარეობს ანალოგიური მოცულობის თანხების გაცემა“, - აცხადებს დეპარტამენტის უფროსი.

საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამაზ ვაშაკიძე კი მიიჩნევს, რომ 5 ათასი ლარი მცირე ბიზნესის დასაწყებად არცერთ მეწარმეს არ ეყოფა.

„ნებისმიერ ადგილას რომ გახვიდეთ და მეწარმეებს დაელაპარაკოთ, ყველა გეტყვით, რომ ახალი ბიზნესის დასაწყებად 5 ათასი ლარი ძალიან მცირე თანხაა, თუმცა საქართველოში იყო დრო, როცა ათას დოლარადაც შეიძლებოდა ბიზნესის წამოწყება. დღეს ადამიანს 5 ათასი ლარი ფართის დაქირავებასა და საწყის ხარჯებზეც არ ეყოფა. თუ ჩვენი ხელისუფლება ცდილობს 5 ათას ლარად მცირე ბიზნესი განავითაროს, ეს ძალიან მცდარი მიდგომაა. მე ვურჩევდი ამ პროგრამის ავტორებს, თავიანთ ნათესავებს დაურიგონ 5-5 ათასი ლარი და ვნახოთ, რა ბიზნესს დაიწყებენ... ჩემი აზრით, ეს წინასაარჩევნო ზღაპარია და მეტი არაფერი.

„საგადასახადო არდადეგები ჩვენი მოგონილი არ არის, მაგრამ საშემოსავლო გადასახადი ყველაზე მნიშვნელოვანი გადასახადია. იმის მაგივრად, რომ მეწარმე მოგების, ან ქონების გადასახადისაგან გაათავისუფლონ, საშემოსავლო გადასახადს აუქმებენ. ეს მეწარმისთვის ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ქვეყნისთვის, სოციალური პროგრამებისთვის იქნება ცუდი. რომ თქვან - სამი, ან ოთხი თვის განმავლობაში ამ ბიზნესს ვათავისუფლებთ ყველა ტიპის გადასახადისგანო, კი ბატონო, ეს მისაღებია, მაგრამ საშემოსავლო გადასახადი არც ერთ ქვეყანაში არ უქმდება, რადგან მისი გაუქმება მარტო ბიუჯეტს კი არა, ქვეყანას აზარალებს. როგორც კი ბიუჯეტს თანხა დააკლდება, ის დააკლდება სოციალურ სფეროს“, - ამბობს ვაშაკიძე, რომლის აზრით, ასეთი პოპულისტური დამოკიდებულება მცირე ბიზნესის განვითარებას ხელს ვერც ადრე უწყობდა და ვერც ახლა შეუწყობს.

„ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ახლად გახსნილი საწარმოების რაოდენობა საქართველოში მკვეთრად იკლებს. 2008 წელთან შედარებით ჩვენს ქვეყანაში 40-60 პროცენტით არის შემცირებული ახალი საწარმოების რაოდენობა, რადგან მეწარმეებს საკმარისი ფინანსები არა აქვთ ბიზნესის დასაწყებად. 5 ან 10 ათასი ლარი გადაწყვეტს ამ პრობლემას? უსახსრობის გამო მცირე მეწარმე იძულებულია ბანკს მიმართოს, სწორედ ამიტომაა, ნახევარ საქართველოს ბანკის ვალი რომ აქვს. გაცილებით გონივრული იქნებოდა უკვე არსებულ ბიზნესს დაეხმარონ, რადგან ახალი ბიზნესის დაფინანსება ყოველთვის სარისკოა. მცირე საწარმოები მთელ მსოფლიოში მაქსიმუმ 3-4 წელიწადს ძლებს, თუ საწარმო ვერ განვითარდა და საშუალო ბიზნესის სტატუსი მაინც არ მიიღო, ის ვეღარ იმუშავებს და გაჩერდება“, - აღნიშნავს თამაზ ვაშაკიძე.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე მიიჩნევს, რომ 5 ათასი ლარი ბიზნესის წამოსაწყებად ძალიან მცირეა.

„რა თქმა უნდა, შეღავათები კარგია, პარლამენტი მსგავს შეღავათებს ყოველთვის მხარს უჭერს და აღნიშნული ცვლილებაც, სავარაუდოდ, უახლოეს სასესიო კვირაში დამტკიცდება, მაგრამ მე რამდენიმე საკითხს უნდა შევეხო: ჩვენ სწორედ ასეთი, ფრაგმენტული მიდგომები არ გვაძლევს საშუალებას, რომ ეკონომიკის სისტემური განვითარება შევძლოთ. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს საკითხი გლობალურად უნდა გადაწყდეს. 5 ათასი ლარი კი საქმის დასაწყებად ცოტაა. ვინმე თუ მეტყვის რის გაკეთებას შეძლებს ამ თანხით, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ჯობია 5 ადამიანს დააწყებინო რაღაც საქმე, ვიდრე 5-5 ათასი ლარი ცალ-ცალკე დაარიგო და საბოლოოდ, ვერაფერი გააკეთო“, - ამბობს თემურ მაისურაძე.

პარლამენტარის თქმით, საქართველოში მცირე ბიზნესი ვერ განვითარდა და ვერც განვითარდება, თუ ყველაფერი ძველებურად დარჩება.

„სამწუხაროა, მაგრამ დღესაც, სახელმწიფო სახსრები ხელმისაწვდომია იმ სუბიექტებისთვის, ვისაც დიდი ბიზნესი აქვს. ჩვენთან არიან მონოპოლისტები და საბანკო მოთხოვნებს მხოლოდ ისინი აკმაყოფილებენ, შესაბამისად, სესხებზეც მათ მიუწვდებათ ხელი, რადგან მათ აქვთ გარანტიები, რომელსაც ბანკი მოითხოვს. ეს ეხება თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტს და მათ შორის, პროგრამას - „აწარმოე საქართველოში“. ასე რომ, მსგავსი პროგრამებით მხოლოდ მონოპოლისტები სარგებლობენ. ბიზნესპროექტის დამტკიცებაც ბანკმა უნდა დაადასტუროს, რადგან თანხის გასაცემად ბანკს გარანტიები სჭირდება. მცირე მეწარმეს რომ ასეთი გარანტიები ჰქონდეს, სულ აღარ დასჭირდებოდა სესხის აღება და ბანკის დახმარება. საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარებისთვის სულ სხვაგვარი, სისტემური მიდგომაა საჭირო“, - აცხადებს პარლამენტარი.

ხათუნა ჩიგოგიძე