სოსო ფხაკაძე - ვფიქრობ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს

პარლამენტი უნდა დავარწმუნოთ, რომ ისეთი კანონები მიიღოს, რომელიც ადგება ქვეყანას, ბიზნესის განვითარებას და ზოგადად ეკონომიკას,

- ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბიზნესასოციაციას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტის მიმართ აქვს აბსოლუტურად ნეგატიური დამოკიდებულება.

„საქართველოში მომხმარებლის უფლებებს ძალიან ბევრი ნორმატიული აქტი არეგულირებს. ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რა საჭიროა კიდევ ახალი კანონის ამოქმედება. ეს პირველ რიგში ხარჯებს გაუზრდის ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს და არც მომხმარებელს მოუტანს სიკეთეს. ვფიქრობ, რომ ასეთი კანონი არ უნდა მიიღოს პარლამენტმა. მთავრობის ბევრი წევრი ვიცით, რომელიც ჩვენს პოზიციაზეა და დავიწყებთ აქტიურ მუშაობას საქართველოს პარლამენტთანაც, რათა დავარწმუნოთ, რომ ისეთი კანონები მიიღოს, რომელიც ადგება ქვეყანას, ბიზნესის განვითარებას და ზოგადად ეკონომიკას“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს ბიზნესასოციაცია ბიზნესომბუდსმენს ხვდება, სადაც ძირითადი საკითხი სწორედ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტია, რომელიც ამ დროისთვის პარლამენტში განიხილება.