„ორბი ჯგუფი“ ბათუმში 45-სართულიან სასტუმრო კომპლექსს აშენებს

ბათუმის Twin Tower  მსოფლიოში მეექვსე ადგილზე იქნება აპარტამენტების რაოდენობით

სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფი" ბათუმში საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო კომპლექს Twin Tower-ის მშენებლობას იწყებს. სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 5 ივნისიდან დაიწყება და 19 თვეში დასრულდება. 2017 წლის ბოლოს ბათუმის Twin Tower უკვე დასრულებული იქნება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „ორბი ჯგუფის“ გაყიდვების სამსახურში განუცხადეს, სასტუმროს 5 ათასი აპარტამენტი ექნება, შესაბამისად, ის მსოფლიოში მე-6, საქართველოში კი პირველი იქნება აპარტამენტების რაოდენობით. სასტუმრო კომპლექსში ბინის შეძენაც შეიძლება, ასევე მოქმედებს გაქირავების სერვისიც. სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება ბიზნესცენტრი, აუზი, ფიტნესის დარბაზი, სპორტდარბაზი, კომპლექსის ინფრასტრუქტურა დახვეწილი და კეთილმოწოყობილი იქნება.

როგორც „ორბი ჯგუფის“ გაყიდვების სამსახურის წარმომადგენელმა  მაკა გუჯაბიძემ გვითხრა, ფასების და რეალიზაციის პირობების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია 5 ივნისიდან გახმაურდება.

მისი თქმით, „ორბი ჯგუფის“ პროექტზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, Twin Tower-ით უცხოელებიც დაინტერესდნენ, რის გამოც ფართობის 70% უკვე რეალიზებულია.

„კომპლექსი ბათუმის ცენტრში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე აშენდება, ზღვიდან 70 მეტრის დაშორებით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სასტუმრო კომლექსის პოპულარობას“, - აცხადებენ „ორბი ჯგუფის“ გაყიდვების სამსახურში.

ხათუნა ჩიგოგიძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე