ანჯელინა ჯოლი ლონდონის ეკონომიკის სკოლის ლექტორი გახდა

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი, გაერო-ს ელჩი ლტოლვილთა საკითხებში და ქალთა უფლებების მცველი ანჯელინა ჯოლი ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) სამაგისტრო კურსის მიწვეული ლექტორი გახდა.

მსახიობის განცხადებით, ეკონომიკის სკოლაში ქალებზე ომის გავლენის შესახებ კურსზე წაიკითხავს ლექციებს.

LSE-ის ინფორმაციით, კურსის ინფორმაციულ მხარდაჭერას ანჯელინა ჯოლის ქალთა უფლებების, მშვიდობისა და უსაფრთხოების ცენტრი გაუწევს. ცენტრი გასულ წელს ამერიკელმა მსახიობმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრთან უილიამ ჰეიგთან ერთად დააარსა.

2012 წლიდან მოყოლებული ანჯელინა ჯოლი და უილიამ ჰეიგი კონფლიქტურ ზონებში ქალთა მიმართ სექსუალურ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას უძღვებიან.

ცენტრის დაფუძნება 2011 წელს ანჯელინა ჯოლის რეჟისორობით გადაღებული ფილმის „სისხლისა და თაფლის მიწა“ შემდეგ გადაწყდა. ფილმი ბოსნიის ომს ეხება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე