კახეთში ყურძნის არნახულ მოსავალს ელოდებიან

წელს კახეთში ყურძნის მოსავალს ძალიან კარგი პირი უჩანს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო რთველისთვის უკვე ემზადება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სახელმწიფო ბიუჯეტში კი სუბსიდიისთვის 24,5 მილიონი ლარია გაწერილი, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს თანხა გაიზარდოს. შარშან სახელმწიფოს გლეხებისთვის ყურძნის რეალიზაციაში დასახმარებლად 33 მილიონი ლარი დასჭირდა.

საგარეჯოში, გურჯაანსა და ყვარელში ვენახს განსაკუთრებით უხვად ასხია. გლეხები ამბობენ, თუკი ამინდმა ხელი შეუწყო, მოსავალს ვერ მოლევენ. ეს ნიშნავს, რომ მთავრობას, მათ შორის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, წინასაარჩევნოდ, საკმაოდ მნიშვნელოვანი რთველი ელის.

ყვარელში მცხოვრები ზურაბ ვარადაშვილი ამბობს, რომ წესით და რიგით შემოდგომაზე 25 ტონა რქაწითელი უნდა მოკრიფოს, რა თქმა უნდა, მისი ვენახი ბუნებამ თუ დაინდო და სეტყვისას "დელტას" აპარატები კიდევ არ დადუმდა.

"მოვლას არ ვაკლებ, ვაზი დახუნძლულია, მაგრამ მოსავალზე საუბარი ჯერ ადრეა. ბუნებისგან ბევრი გამოწვევა გველის. სეტყვასა და გვალვას უნდა გადავურჩეთ. შემოდგომა ახლა რომ იყოს, საუკეთესო რთველი მექნებოდა, 30 ტონა რქაწითელს მაინც მოვკრეფდი. კიდევ ერთი პრობლემა რეალიზაციაა და ამ დღის მოსვლასაც შიშით ველოდები. მართალია, ბოლო ორი წელია, სახელმწიფოს დახმარებით ეს საკითხი ასე თუ ისე მოგვარდა, მაგრამ წინა ხელისუფლების დროინდელი ამბები ჯერ არ დამვიწყებია", - ამბობს ზურაბ ვარადაშვილი.

გურჯაანელი მევენახე დათო ომარაშვილისთვის გაზაფხული ასევე კარგად დაიწყო. მისი ვენახი რამდენიმე დღის წინ მოსულ სეტყვას გადაურჩა და ვაზსაც კარგად ასხია.

"ვენახში შესვლა მიხარია. უფრო მეტი სტიმული მაქვს, კარგად მოვუარო და არაფერი დავაკლო. 2012 წელს მოსულმა სეტყვამ ვენახი მთლიანად გამინადგურა. თუმცა ზარალი სახელმწიფომ ამინაზღაურა. 2013 წელს ვაზი კიდევ აღდგენის რეჟიმში იყო და მოსავალი არცთუ კარგი მივიღე. 2014 წელსაც ცოტა დაისეტყვა, მაგრამ ზარალზე მაინც არ წავსულვარ. შარშან კარგი მოსავალი იყო, წელსაც იმედი მაქვს, რომ 20 ტონაზე მეტ ყურძენს მოვკრეფ. მთავარია, სეტყვას გადავურჩეთ", - ამბობს დათო ომარაშვილი.

კარგ მოსავალს ელოდებიან საგარეჯოში. ფერმერი ჯარჯი ფილაური "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მოსავლიანობა ამინდზე იქნება დამოკიდებული.

"ჯერჯერობით, ვენახს კარგად ასხია, მოსავალი ჩინებული უნდა იყოს. ვნახოთ, ამინდი როგორი იქნება. ათასი ახალი ბაქტერია ვრცელდება. დაველოდოთ ზაფხულის გასვლასა და შემოდგომას", - აცხადებს ჯარჯი ფილაური.

წელს არ გაუმართლა სიღნაღის ქვედა ზონის მცხოვრებლებს. მაისის დასაწყისში მოსულმა სეტყვამ რამდენიმე სოფლის ვენახი ან მთლიანად გაანადგურა, ან მოსავალი მინიმუმამდე შეამცირა. იმ პერიოდისთვის, ვენახის დიდი ნაწილი დაზღვეული არ იყო, ვინაიდან ჯერ ისევ ყვაოდა.

"კარგი მოსავალი მოდის ქვედა ზონაში, რომელიც არ დაისეტყვა. ზედა ზონაში -  ნუკრიანი, ბოდბე, მაღარო - ვენახს ნაკლებად ასხია. დასეტყვილ ვენახებში სპეციალური მცენარეთა მოვლის საშუალებები შეიტანეს და ნაწილი ალბათ გადარჩება, თუმცა მოსავალი ისეთი დიდი აღარ იქნება", - ამბობს სიღნაღელი ბონდო ბოღაშვილი.

გამომდინარე იქიდან, რომ სეტყვის პერიოდში ვენახის ნაწილი დაზღვეული არ იყო (იმ მიზეზით, რომ ჯერ კიდევ ყვავილში იმყოფებოდა), სოფლის მეურნეობის სამინისტრო მევენახეებს 1 მილიონ ლარზე მეტი მცენარეთა მოვლის საშუალებებით დაეხმარება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წელს გათვალისწინებულია სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებაც, ამისთვის ბიუჯეტის "სხვა ხარჯებში" 24,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სამინისტროს ინფორმაციით, სუბსიდირების კონკრეტულ პროგრამაზე ჯერ ჩამოყალიბებული არ არიან.

შარშან ღვინის ქარხნები რქაწითელსა და მწვანეს 70 თეთრად იბარებდნენ, საფერავის ღირებულება 85 თეთრი იყო.

მთლიანობაში, 2015 წლის რთველის ფარგლებში კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში 146 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო წლების რეკორდად ითვლება. კომპანიებს ყურძენი 18 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. სუბსიდიის თანხამ 35,2 მლნ ლარი შეადგინა. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 104,4 მლნ ლარს მიაღწია. ყველაზე მეტი მოვიდა რქაწითელი - 78,492 ათასი ტონა, შემდეგია საფერავი- 45,504 ათასი ტონა, კახური მწვანე - 3,061 ათასი ტონა, ალექსანდროულ-მუჯურეთული - 1,395 ათასი ტონა და დანარჩენი ჯიშები - 17,523 ათასი ტონა.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"