აჭარელ ფერმერებს თანამედროვე, იტალიური წარმოების მოტობლოკები დაურიგეს

აჭარის რეგიონში უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს ,,სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ხორციელდება.

როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანეშემწემ, როინ გოგაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ამ პროგრამის ბიუჯეტი 1 078 400 ათასი ლარია და ეს თანხა ფერმერების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვას მოხმარდება. სულ ახლახან, პროგრამის ფარგლებში აჭარაში 106 თანამედროვე მოტობლოკი დარიგდა;

როინ გოგაძე - გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა იტალიურმა ფირმა Meccanica Benassi-მ. სწორედ ამ ფირმამ მოგვაწოდა 292 ერთეული იტალიური წარმოების სხვადასხვა სახის მოტობლოკი. ეს არის მრავალფუნქციური მოტობლოკები, რომელსაც აქვს კულტივატორი, კვალგამყვანი, კარტოფილის ამომთხრელი, ნივრის სათესი და სხვ... მას თან ახლავს მისაბმელი ურიკაც. მოტობლოკის ღირებულება 3500-4000 ლარია, თუმცა ფერმერებს ის თანდაფინანსებით მიეწოდებათ: ღირებულების 30%-ს ფერმერი იხდის, ხოლო 70%-ს - მთავრობა. ფერმერებს მოტობლოკის შეძენა დაახლოებით 1200 ლარი დაუჯდათ.

როინ გოგაძის თქმით, სამინისტროში 3 ათასამდე განცხადება იყო შესული და ბუნებრივია, ყველა მსურველი ვერ დაკმაყოფილდა:

- სულ 292 ცალი მოტობლოკი გვქონდა, მსურველი კი, გაცილებით მეტი იყო. ამიტომ შეიქმნა კომისია, რომელმაც მოტობლოკები გადაანაწილა. უპირატესობა მიენიჭათ იმ ფერმერებს, რომლებსაც განცხადება დიდი ხნის დაწერილი ჰქონდათ, ზოგიერთი შარშანაც ელოდა, მაგრამ მოტობლოკი ვერ მიიღო, ზოგს კი - ძალიან დიდი მიწა აქვს დასამუშავებელი. წარმოიდგინეთ რა რთულია 4-5 ათასი მეტრი მიწა ხელით დაამუშაო, ან შეიყვანო ცხენი და თუნდაც გუთნის დახმარებით დახნა. ეს ძალზე შრომატევადი საქმეა, ამიტომ თანამედროვე მოტობლოკები ამ ადამიანებს ძალიან დაეხმარება. მისი წყალობით, თუ ადრე ფერმერს შეეძლო თავისი ფართობი 5 დღეში დაემუშავებინა, ახლა ერთ დღეში დაამუშავებს. ამიტომაც ცდილობს სახელმიწფო ჩვენი გლეხები და ფერმერები თანამედროვე ტექნიკით აღჭურვოს“, - აცხადებს გოგაძე.

მინისტრის თანაშემწის თქმით, აღნიშნული პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და ყველა მსურველს შეეხება, ვინც რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

ხათუნა ჩიგოგიძე