ქართული ყავა ექსპორტზე გასასვლელად ემზადება

კომპანია "ჩერი" საკუთარი წარმოების ყავის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ირაკლი ლომთათიძემ "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა, პირველ ეტაპზე ქართული წარმოების ყავა რუსეთსა და ყაზახეთში გავა.

"დღეისთვის რამდენიმე საცდელი პარტია ამ ქვეყნებში უკვე გაგზავნილი გვაქვს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები პარტნიორებთან და სავარაუდოდ, ჩვენი პროდუქციის ექსპორტის საკითხი დადებითად გადაწყდება“,  - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

კომპანია „ჩერი“ ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა. კომპანიის გენერალური დირექტორის ირაკლი ლომთათიძის თქმით, "ჩერის" პროდუქციის შესაქმნელად 8 დასახელების „არაბიკას“ და 3 დასახელების „რობუსტას“ ჯიშის ყავა გამოიყენება.

სექტემბრიდან კომპანია ხსნადი ყავების დამატებას და ქართულ ბაზარზე უკვე არსებული პროდუქციის გადახალისებასაც აპირებს.

„ბიზნესპრესნიუსის“ შეკითხვაზე, თუ როგორ შეძლო „ჩერიმ“  ბაზარზე თავისი ადგილის დამკვიდრება, ირაკლი ლომთათიძემ აღნიშნა, რომ კონკურენცია ყველა ბაზარზეა, მაგრამ წარმატების მისაღწევად რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს.

"ეს არის ხარისხი, ფართო ასორტიმენტი, კარგი დისტრიბუცია და ხელმისაწვდომი ფასები", - განაცხადა ირაკლი ლომთათიძემ.

ხათუნა ჩიგოგიძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე