ნოდარ ხადური საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმს დაესწრო

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმს დაესწრო, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ გახსნეს.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ფორუმზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა.

„თბილისში დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა. ბიზნესფორუმი კარგი ფორმატია სლოვაკი ინვესტორებისთვის, გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს გააჩნია, მათ შორის, ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით - ვგულისხმობ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას. აღნიშნული შეხვედრა, ასევე, ქართველ ბიზნესმენებს აძლევს საშუალებას, უკეთ გაეცნონ სლოვაკი პარტნიორების წინადადებებს და სლოვაკეთის საინვესტიციო შესაძლებლობებს. ჩვენს ქვეყნებს შორის, სხვადასხვა სექტორში, არსებობს თანამშრომლობის დიდი პერსპექტივა, რომლის შესახებ დღეს ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ. ვფიქრობ, პარტნიორობა მომავალში წარმატებით განვითარდება”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, სლოვაკეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტო, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია. ფორუმის პარტნიორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.