კახეთში ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდებიან

კახელი გლეხების თქმით, თუ ამინდმა ხელი შეუწყო, ყურძნის მოსავალი უხვად იქნება.

თუმცა გლეხებს ყურძნის მოსავალზე მეტად, მისი ფასი და რეალიზაცია აინტერესებთ.

სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანის მცხოვრები გივი ბეჟანიშვილი 10 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდება.

„მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ ერთი ვენახი დამესეტყვა, მაინც კარგ მოსავალს ველოდები, გვალვას თუ გადაურჩა. მაგრამ ყველაზე მეტად ფასი მაშინებს, ვენახს იმდენი მოვლა სჭრდება, ფასი თუ არ ექნება, ჩემს შრომას აზრი არ ექნება“, - ამბობს გივი ბეჟანიშვილი.

იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღვინის ექსპორტი 51%-ით გაიზარდა, გლეხები ვარაუდობენ, ყურძნის ფასიც გაიზრდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 694 748 ბოთლი (0,78) ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექპორტირებულია 18 144 738 აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 20%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

შარშან ღვინის ექსპორტის შემცირება ქართული ღვინის ორ მთავარ ბაზარზე - რუსეთსა და უკრაინაში ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდებოდა, რამაც ყურძნის ფასის კლება გამოიწვია.

თიკო გურაშვილი