უცხოეთში ქართულ რესტორნებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება

საზღვარგარეთ ქართული რესტორნების რაოდენობა მატულობს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სხვა ქვეყნების სარესტორნო ბიზნესში მისი წილი 8-9%-ს შეადგენს, 2017 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, 12%-მდე გაიზარდოს. ქართული სამზარეულოს პოპულარობა უკავშირდება ტურიზმის სექტორის განვითარებას და წარმატებულ კამპანიას, რასაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლებში ახორციელებს.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ქართული სამზარეულოსადმი ინტერესი ცნობილია, თუმცა ბოლო დროს იგი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში იხვეჭს პოპულარობას. შეიძლება თქმა, რომ იქ, სადაც ქართველია, აუცილებლად არის ქართული რესტორანი ან კვების რომელიმე ობიექტი.

ქართულ რესტორანს შეიძლება შეხვდეთ ბრუკლინში, მანჰეტენზე, პარიზში, ნიუ-ჯერსიში, პეკინსა და მსოფლიოს ცნობილ ქალაქებში, სადაც კი ბევრი თანამემამულეები ცხოვრობენ.

"ძველი მეტეხის" გენერალური დირექტორის, რესტორატორ (რესტორნის მმართველი) ქეთევან დოდაშვილის ინფორმაციით, ქართული სამზარეულო პოპულარულია როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნებში და უცხოელ საზოგადოებაში დიდი მოწონებით სარგებლობს.

"ყველაზე მეტი ქართული რესტორანი დღესდღეობით რუსეთშია და არც არის გასაკვირი, რადგან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში საქართველოს კულტურას, მით უმეტეს, სამზრეულოს, კარგად იცნობენ. როგორც ჩანს, დღემდე ახსოვთ ქართული გასტრონომია. თუმცა, ახლა ვერც იმას ვიტყვით, რომ უცხოეთში ნაკლებად გვცნობენ. ბოლო წლებში ჩვენი სამზარეულო პოპულარული გახდა უამრავ ქვეყანაში. ტურიზმის მიმართულებით მთავრობის მრავალწლიანმა მუშაობამ შედეგი გამოიღო, ეს აშკარაა.

კონკრეტული სტატისტიკა არ მოგვეპოვება, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია თქმა, რომ ევროპის მასშტაბით, ქართული სარესტორნო ბიზნესი მყარად იკიდებს ფეხს. კერძოდ, სხვა ქვეყნების სარესტორნო ბიზნესთან მიმართებით, ჩვენი წილი 8-9%-ით განისაზღვრება. 2 წლის წინ ეს მაჩვენებელი 6-7%-ს შეადგენდა, ანუ 2-3%-ით მოიმატა. ჩვენი ვარაუდით, 1-2 წელიწადში ამ პოზიციას კიდევ 3%-ით გავაუმჯობესებთ", - განმარტავს დოდაშვილი.

მისი თქმით, კერძებთან ერთად, დიდ მოწონებას ქართული ღვინოც იმსახურებს. "ისრაელში რამდენიმე ქართული რესტორანია. საქართველოდან წასული ქართველი ებრაელები ჩვენს სამზარეულოს აქტიურად აცნობენ ადგილობრივებსაც. აზიურ ქვეყნებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ბევრი ქართული კვების ობიექტია. "სწრაფი კვება" მუშაობს უნგრეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ამერიკაში.

ბუდაპეშტში 4 ქართული რესტორანია, საფრანგეთში მეტი უპირატესობა აქვს "ფასტ ფუდს", რომელიც გადაადგილდება. რამდენადაც ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი გაიზარდა და განვითარდა, ბევრმა გაიგო, რა არის საქართველო, ჩვენი კულტურა. განსაკუთრებით ქართულ ღვინოს აქვს დიდი გასავალი და დაგემოვნების თვალსაზრისითაც, უცხოელი მომხმარებლისთვის საინტერესოა", - განმარტავს ქეთევან დოდაშვილი.

საზღვარგარეთ არსებულ ქართულ რესტორნებში, პირველ რიგში, თვალში გადაჭარბებული ეგზოტიკა გეცემათ. საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ უცხოელი მომხმარებლისთვის ჩვენი სამზარეულო სწორედ ამ ნიშნითაა გამორჩეული, რადგან უცხოეთში ჩვენი ეროვნული სამზარეულოსადმი ინტერესი დიდია. ზოგი მას პირველად ეცნობა, ზოგისთვის კი, მაგალითად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მცხოვრებლებისთვის, ქართული მენიუ ნაცნობია.

"ჩემთვის უცნობია სტატისტიკა, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ ქართულ რესტორნებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იცნობენ. ყველაზე დიდი რაოდენობით იგი პოსტსაბჭოთა ქვეყნებშია, მაგრამ არა მარტო იქ. მარტო ბრიტანეთში 3 ქართული რესტორანი მუშაობს. პროდუქტი საქართველოდან მიაქვთ, ყველაზე ხშირად სანელებლები, ყველი (განსაკუთრებით სულგუნი) და ნიგოზი. მოთხოვნაც ჩვენი კერძების მიმართ მუდმივად მატულობს, რის მომსწრეც თავადაც არაერთხელ გავმხდარვარ. ყაზახეთში ბოლო დროს 2 ქართული რესტორანი გაიხსნა", - ამბობს ალავერდაშვილი.

მისი თქმით, ქართული რესტორანი დიდ ინტერესს ეგზოტიკის თვალსაზრისითაც იწვევს, რითაც იგი კლიენტებს იზიდავს.

"ქართველები ჭამა-სმის მოყვარული ხალხია. შემიძლია თქმა, რომ სადაც ჩვენი ხალხი ცხოვრობს, ქართული კერძების დაგემოვნება არსად პრობლემა არ არის. ჩვენ მართლაც საუცხოო სამზარეულო გვაქვს, რომელსაც ყველგან უნდა ცნობდნენ. მიმაჩნია, რომ ქართული რესტორნების გახსნაც ეროვნული კულტურის ნაწილია, რაც სტუმრებს გარკვეულ წარმოდგენას ჩვენს ქვეყანაზეც უქმნის", - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

ნებისმიერი კერძი ბევრად უფრო საინტერესოა, თუ მის გვერდით შესაბამისი სასმელიც მოიპოვება. ქართული სამზარეულო კი ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ მრავალფეროვან მენიუს ქართული ღვინო ამშვენებდეს.

"ქართული ტრადიციული მეღვინეობის" მთავარი მიზანიც, ეროვნული გასტრონომიის წინა პლანზე წამოწევასთან ერთად, მსოფლიოსთვის ქართული ღვინის გაცნობაა, რაშიც სავაჭრო ობიექტებთან ერთად, სარესტორნო ბიზნესის დამსახურებაც უდავოა. კომპანიის ხელმძღვანელი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ აქტიურად თანამშრომლობს უცხოეთში წარმოდგენილ ქართულ რესტორნებთან, რომელთა რაოდენობაც წლიდან წლამდე მატულობს.

"ჩვენ საზღვარგარეთ წარმოდგენილ ქართულ რესტორნებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. მათ სასიკეთოდ შემიძლია თქმა, რომ ქართული სამზარეულო ბევრ ქვეყანაში დიდი მოწონებით და პოპულარობით სარგებლობს. როგორც ვატყობ, უცხოეთში ქართულ რესტორნებზე მოთხოვნა უფრო და უფრო მატულობს. ღვინო ბევრად უფრო საინტერესოა, როცა მას შესაბამისი კერძიც ახლავს. თავის მხრივ, ეს ნიშნავს, რომ დიდია ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართაც. ქართველ მომხმარებელთან ერთად, ბევრია უცხოელი სტუმარი როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე შორეულ ამერიკაშიც, სადაც კი ქართული რესტორანია", - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

ცხოვრების დონის ზრდამ და აჩქარებულმა ტემპმა გამოიწვია, რომ ადამიანები ხშირად არათუ სადილ-ვახშამის მომზადებას, არამედ ნორმალურად საუზმობასაც კი ვეღარ ასწრებენ. ამიტომ სულ უფრო მეტი და მეტი მომხმარებელი ჰყავს როგორც სწრაფი კვების ობიექტებს და კაფე-ბარებს, ასევე საშუალო დონის რესტორნებსაც.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"