რის გამო გადაწყვიტა სოფელში ცხოვრება თბილისელმა არქიტექტორმა

თელავის რაიონ სოფელ შალაურში მცხოვრები ლევან ცაგურია თხის ყველს ფრანგული ტექნოლოგიით აწარმოებს.

პროფესიით არქიტექტორმა ლევან ცაგურიამ შვიდი წლის წინ ოჯახთან ერთად დედაქალაქიდან სოფელში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და მისი ფერმერული საქმიანობაც აქედან დაიწყო. შალაურის ბუნებამ, სიმშვიდემ და ქალაქის ხმაურისგან შორს ყოფნამ იმდენად მოხიბლა, რომ უკან დაბრუნებაზე აღარც უფიქრია.

სამი წელია "მარლეტას ფერმა" აქვს, მეუღლესთან, პროფესიით მხატვარ სოფო გორგაძესთან ერთად თხებს უვლის და ყველს აწარმოებს. მარლეტა იმ ძროხის სახელია, რომელიც ოჯახს წლების წინ აჩუქეს და რომლის წყალობითაც, ლევანი ფერმერულ საქმიანობას შეუდგა.

ცდამ გაამართლა. წარმოებული პროდუქცია ძალიან სწრაფად ეყიდება. თხის ყველი ,,ბონა“ სპეციალიზირებულ მაღაზიებში 65 ლარად, ძროხის ყველი ,,აშმელო“ კი 45 ლარად ფასობს. ამჟამად 12 დედა თხა, 18 ციკანი და ერთი მამალი თხა ჰყავს. საწარმო სახლთან ახლოს თავისივე ხელით ააშენა. ყოველდღიურად 20 ლიტრ თხის რძესა და 50 ლიტრ ძროხის რძეს აწარმოებს.

როგორც თავად ამობს, ფერმერობა ცხოვრებამ მოიტანა. სოფელში ყოველგვარი გეგმებისა და გარკვეული მიზნების გარეშე წავიდა. იმერული ყველის ამოყვანაც კი მეზობელმა ასწავლა. ამ საქმიანობით თანდათან დაინტერესდა. ყველის ფრანგული ტექნოლოგიით წარმოებას ინტერნეტის საშუალებით გაეცნო. შემდეგ შესაბამისი კურსებიც გაიარა და სერტიფიკატიც აიღო.

,,ყველის ეს სახეობა, რომელსაც მე ვაწარმოებ, საზღვარგარეთ ხუთჯერ ძვირია. საერთოდ, თხის ყველი ძალიან მაღალი ხარისხისაა და ღირებულებაც შესაბამისი აქვს. საგემოვნო თვისებების გარდა, იმითაც არის გამორჩეული, რომ არ იწვევს ალერგიას. დღესდეღეობით მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის ათვისებაზე ვმუშაობ. წარმადობა იმდენად მცირეა, რომ მოთხოვნას ძლივს ავუდივარ. მომავალში ფერმის გაზრდასა და განვითარებაზე ვფიქრობ. კიდევ ორი სახის ყველი უნდა შევმატო ჩემს წარმოებას. ერთს ,,შალაურს“ დავარქმევ და ტექნოლოგიაც განსხვავებული იქნება“, - ამბობს ლევან ცაგურია.

ფერმერი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც წარმოებას კომერციული სახე მისცა, რეალიზაციის პრობლემა არასდროს შექმნია. მისი თქმით, მიუხედავად განსხვავებული საგემოვნო თვისებებისა, ბაზარმა სიახლე სწრაფად აითვისა.

,,ფრანგული ტექნოლოგია, რომელსაც თხის ყველის წარმოებისას ვიყენებ, საქართველოში ბევრისთვის უცხოა. მოგეხსენებათ, ფრანგებს საოცრად მრავალფეროვანი ყველის გაკეთების კულტურა აქვთ. ყველის წარმოება იქ საუკუნეების გამოცდილებას ითვლის. ჩვენთან რატომღაც მიივიწყეს ყველის კულტურა, თითქოს არც ყოფილა. არადა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენს ქვეყანაშიც ყველის წარმოება საკმაო მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა“, - ამბობს ფერმერი.

ქრისტინე გამთენაძე