ოქროს „ციებ-ცხელება“ სვანეთში

რამდენად საფუძვლიანი იყო სვანების პროტესტი „ოპტიკალ სისტემს“-ის მიმართ?

კომპანია „ოპტიკალ სისტემს“-ის მიერ სვანეთში ოქროს მოპოვების დაწყებას ძალიან დიდი ხმაური მოჰყვა. მესტიის რაიონის სოფელ იელში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და იქ მიმდინარე სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვა. ამის შემდეგ ტერიტორიაზე ორგანიზებული ჯგუფი შეიჭრა და ყველაფერი გაანადგურა. შედეგად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ამერიკულმა კომპანიამ საქართველო დატოვოს, რადგან მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა. სვანები „ოპტიკალ სისტემს“-ს ასეთ ბრალდებებს უყენებდნენ: კომპანია ურანის მოპოვებას აპირებს და ციანიდებით წამლავს გარემოს, იყენებს ქიმიურ ხსნარებს, რაც საფრთხეს უქმნის ბუნებას და ადგილობრივ მოსახლეობას... როგორც „ბიზნესპრესნიუსმა“ გაარკვია, კომპანია „ოპტიკალ სისტემს, ინკ“- ის წარმომადგენლობა საქართველოში 2008 წლის 24 აპრილს არის რეგისტრირებული. „ოპტიკალ სისტემსი“ ამერიკული კომპანიაა, მაგრამ მისი ახლანდელი მფლობელი ლინა მა ეროვნებით ჩინელია. ცნობილია, რომ ამ კომპანიამ სვანეთში დიდი ინვესტიცია ჩადო, ჩაიტანა ტექნიკა, გაიყვანა გზა და ა.შ... რაც შეეხება ლიცენზიას, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ინფორმაციით, არსებობს-15 წლიანი ლიცენზია მესტიის რაიონში კეთილშობილი ლითონების შესწავლა-მოპოვებაზე, რომელიც გაცემულია 2005 წელს. ლიცენზიის მფლობელია საზოგადოება „ოპტიკალ სისტემს“ (აშშ).

როგორც"მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელმა, ირაკლი მაჭარაშვილმა, ჩვენთან საბრისას აღნიშნა, გარემოს დამცველმა ორგანიზაციებმა ოფიციალურ სტრუქტურებს და გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართეს, რომ მათ შეისწავლონ, რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი სოფელ იელში. „ამჟამად ოფიციალური სტრუქტურების დასკვნას ველოდებით“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

ამ საკითხის გასარკვევად „ბიზნესპრესნიუსმა“ რამდენიმე შეკითხვით მიმართა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარ სახელმწიფო ინსპექტორს - ნელი კორკოტაძეს.

„შემიძლია გითხრათ, რომ „ოპტიკალ სისტემსი“ ნამდვილად ფლობს შესაბამის ლიცენზიას მესტიის რაიონში წიაღისეულის მოპოვებაზე. მონაკვეთი საკმაოდ დიდია და შესწავლის ერთ-ერთი წერტილი გახლავთ იელის ტერიტორია. შესწავლის სამუშაოები მოითხოვს თხრილების გაყვანას, რომ მადანი ამოიღონ და ნახონ, რა რაოდენობით არის იქ კეთილშობილი მეტალები. კომპანიამ როგორც კი გააქტიურა სამუშაოები, მოსახლეობა შეშფოთდა, რადგან ჰქონდათ განცდა, რომ კომპანია სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა, სწორედ ამან გამოიწვია იქ მცხოვრებთა პროტესტი. ჩვენთან ცხელ ხაზზე შემოვიდა ეს ინფორმაცია, ადგილზე გავედით და ჩვენმა სპეციალისტებმა ყველაფერი შეამოწმეს“, - აღნიშნავს ნელი კორკოტაძე.

მისი შეფასებით, სამუშაოების მიმდინარეობისას იყო დარღვევები, მაგრამ არა ისეთი, რაზეც მოსახლეობა ეჭვობდა.

პირველ რიგში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ფაქტი არ დადასტურდა, უბრალოდ კომპანიის მუშაკებს ბიდონებით საწვავი ჰქონდათ ატანილი და მოსახლეობას ასეთი ეჭვი გაუჩნდა. მართალია, ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ფაქტი არ დადასტურდა, მაგრამ კომპანიის მიერ ჩატარებული ზოგიერთი სამუშაო შეუსაბამოა ჩვენს მოქმედ კანონმდებლობასთან. მაგალითად: ადგილზე მოთხრილი იყო ხე-მცენარეები, მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს მცენარეების დაზიანებას. იყო სხვა სახის დარღვევებიც. დეპარტამენტმა ყველაფერი შეისწავლა, ტერიტორია აზომა და ბოლოს ასეთ დასკვნამდე მივედით: ბრალდებები, რომ იქ ურანს ეძებდნენ, რომ მუშაობისას შხამ-ქიმიკატებს იყენებდნენ, უსაფუძვლოა და არ დადასტურდა. არც საეჭვო ნივთიერებების გამოყენების კვალი აღმოჩნდა. საერთოდ, ნებისმიერი წიაღისეულის მოპოვება გარემოზე რაღაც ზეგავლენას ახდენს, მაგრამ თუ კანონით განსაზღვრული ნორმები დაცული იქნება, ბუნებაზე ზემოქმედებაც შემცირდება. აღმოჩენილ დარღვევებზე დეპარტამენტს უკვე დაწყებული აქვს წარმოება“, - ამბობს ნელი კორკოტაძე.

„ოპტიკალ სისტემს“- ის გეოლოგი ბადრი გალდავა კი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, საიდან წამოვიდა ასეთი ბრალდებები კომპანიის მიმართ:

„საიდან მოვიდა ინფორმაცია, რომ იქ ტერიტორია ბინძურდება, არ ვიცი. იქ საერთოდ არ გამოიყენება შხამქიმიკატები და მჟავები. ეს ყველა სპეციალისტმა იცის, რადგან სვანეთში მხოლოდ თვითნაბადი ოქრო მოიპოვება. თვითნაბადი ოქროს მოპოვების ტექნოლოგია კი გულისხმობს ქვა-ღორღის რეცხვას წყლით. არანაირი ქიმია არ გამოიყენება და რომც გინდოდეს, ვერც გამოიყენებ. იქ ოქრო მარცვლების სახით არის ხრეშსა და ქვიშაში, რომელიც წყლით ირეცხება და იქიდან ოქროს მარცვლებს გამოყოფენ - ეს არის მთელი ტექნოლოგია, რაც იქ გამოიყენება. თანაც, სამუშაოები მიმდინარეობს ჭალაში, რომელიც სოფელ იელიდან სამ კილომეტრში მდებარეობს. ახლოს მდინარე ენგური ჩამოედინება, რომელიც წელიწადში 6-7-ჯერ დიდდება. ამიტომ იქ არც სახლის აშენება შეიძლება, არც მიწის დამუშავება და არც მოსავლის მოყვანა. ეს არის მდინარის პირას მდებარე ჭალა, სადაც ქვიშა და ხრეში გროვდება. ოქროს მარცვლები სწორედ ამ ხრეშშია შერეული. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა სამუშაო, რომელიც მოსახლეობას არ ვნებს“, - აღნიშნავს ბადრი გალდავა.

გეოლოგის თქმით, კომპანიას აქვს ლიცენზია, რომ ჯერ შეისწავლოს, რამდენია იქ ოქროს მარაგი და ამის შემდეგ დაიწყოს მოპოვება. ან დაიწყებს, ან - არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი შემცველობის ოქრო იქნება სვანეთში ნაპოვნი.

„სრული სიცრუეა, რომ კომპანია ციანიდს იყენებს. რად უნდა ამას რაიმეს გამოყენება? – ოქრო ქვიშაში ნათლად ჩანს 2-3 მილიმეტრიანი მარცვლების სახით. რამდენია იქ ოქროს მარაგი, არ ვიცით, რადგან არ გვაცალეს დაგვედგინა: საცხოვრებელი კარვები დააზიანეს, ხალხი გარეკეს, სცემეს, ერთი ადამიანი წყალშიც გადააგდეს, ეს ის ხალხი იყო, რომელსაც ტრენინგები უნდა ჩაეტარებინა და მერე საბადოზე ადგილობრივები დასაქმდებოდნენ. ჯერჯერობით ინვესტორს საქართველო არ დაუტოვებია, მაგრამ საამისო პირობები და საშუალება თუ არ ექნება, როგორ იმუშავებს? ურანს ეძებენო - ეს ხომ სრული სისულელეა! ურანს საბჭოთა კავშირი წლების განმავლობაში ეძებდა კავკასიაში და ვერ იპოვა. 40 წელია ამ საქმეს ვემსახურები, სხვათა შორის, ურანიც მიძებნია, მაგრამ ვერსად მივაგენი. რეალობა კი ის არის, რომ 10-მილიონიან ინვესტიციაზეა საუბარი, ხალხი დასაქმდება, ინფრასტრუქტურა განვითარდება, უცხოელები აპარატურას დატოვებენ და მერე ადგილობრივი მუშახელი მიხედავს ყველაფერს“, - აცხადებს მათე გალდავა.

მისი თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროც საქმის კურსშია, სატყეო დეპარტამენტიც, ზედამხედველობის სამსახურიც და საიდან წამოვიდა ეს პროვოკაცია, არავინ იცის.

„ვისაც ეს საქმე ესმის, არანაირი პროტესტი არ გამოუთქვამს, საბადოზე იქ მცხოვრები სვანებიც მუშაობენ, მეც ხომ ქართველი ვარ და არავის მივცემ უფლებას, რომ ჩემს ქვეყანაში რაიმე დააზიანოს. ისიც ვიცი, რომ შეიძლება ინვესტორმა მთელი თანხა დახარჯოს, მაგრამ მოგება ვერ ნახოს, რადგან ჯერ არ ვიცით ოქროს რა მარაგია იქ და როგორ წარიმართება ყველაფერი. როგორც ყველა ბიზნესი, ესეც რისკია. ჯერჯერობით კი, კომპანია ვერ მუშაობს და ყოველდღე ზარალს ნახულობს“, - ამბობს „ოპტიკალ სისტემს“-ის წარმომადგენელი.

ხათუნა ჩიგოგიძე