ქართული ჩირი ევროკავშირის ბაზარზე გასვლისთვის ემზადება

,,ქარელის ხილი” ევროკავშირის ბაზარზე გასვლისთვის ემზადება.

კომპანიამ შესაბამის ხარისხის სერთიფიკატზე მუშაობა მიმდინარე თვეში დაიწყო. საწარმოს ხელმძღვანელის გიორგი კვირიკაძის განცხადებით, ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს შუამავალი კომპანიების საშუალებით ახორციელებენ.

,,ქარელის ხილი” საქართველოში შავი ქლიავის ყველაზე დიდ ბაღსა და ჩირის გადამამუშავებელ საწარმოს ფლობს. ქარელის აგროინდუსტრიული საწარმო ხილს არა მარტო საკუთარი ბაღებიდან, არამედ ადგილობრივი მოსახლეობიდანაც იბარებს.

კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია წელს პირველად გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. ქლიავის ჩირისა და შერეული ხილის ჩირის რეალიზაცია მსხვილ სუპერმარკეტებში ხდება.

პროდუქტი ამ ეტაპზე 170 და 200 გრამიან შეფუთვებში იყიდება. როგორც გიორგი კვირიკაძე აღნიშნავს, ივლისიდან უკვე ჩირის 100 გრამიანი შეფუთვების რეალიზაციაც დაიწყება. მეწარმის ინფორმაციით, ქარელში წარმოებული ხილის ჩირი იმპორტირებულთან შედარებით გაცილებით იაფია. მისი თქმით, 200 გრამიანი ერთი შეფუთვის ღირებულება 2,5-3 ლარის ფარგლებში მერყეობს.

უახლოეს მომავალში საწარმოში ატმის ჩირის დამზადებასაც დაიწყებენ. გიორგი კვირიკაძის თქმით, 30 ათასი დოლარის ღირებულების საჭირო დანადგარები უკვე შეკვეთილია.

საწარმო ქარელის რაიონ სოფელ სამწევრისში მდებარეობს. ქარხნის სრულად გამართვისთვის, საერთო ჯამში, მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. აქედან 650 ათასი ლარი სამაცივრე მეურნეობისა და გადამამუშავებელი დანადგარების შეძენასა და დამონტაჟებაში დაიხარჯა. გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტით, გიორგი კვირიკაძემ მთლიანი ღირებულების 40% სახელმწიფოსგან გრანტის სახით მიიღო, 50% შეღავათიანი აგროკრედიტი დაუმტკიცდა, პირის თანამონაწილეობამ კი 10% შეადგინა.

ქრისტინე გამთენაძე