შაორის ტბასთან სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

რაჭაში შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, რომელსაც კომპანია ,,ჯეოტექინვესტი” ახორციელებს, - ამის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამსართულიანი სასტუმრო, 24 ნომრით, რესტორნითა და საკონფერენციო დარბაზით, ფუნქციონირებას 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყებს და მის მშენებლობაზე 1.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

დღეს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, გუბერნატორის მოადგილეებთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და კომპანია ,,ჯეოტექინვესტის” ხელმძღვანელებთან ერთად ახალი სასტუმრო კოპლექსის ფუნდამენტის ჩაყრას დაესწრო.

”შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის წინსვლისა და წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.