გიორგი ჭირაქაძე - ბიძინა ივანიშვილს ვუყურებ, როგორც ყველაზე მსხვილ ქართველ ბიზნესმენს, ინვესტორს, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის

დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შედგება ბიზნესხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განუცხადა, სადაც ეკონომიკის საკითხებზე კონფერენცია უნდა გაიმართოს. კონფერენციას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. შეხვედრას ასევე ესწრებიან ექსპერტები, მინისტრები.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე იქნება შესაძლებლობა, რომ ისაუბრონ იმ საკითხებსა და პრობლემებზე, რაც დღეს ქვეყანასა და ბიზნესში არსებობს, ასევე იმ გამოწვევებზე, რომელიც შესაძლოა ქვეყანაში იყოს მომავალში და იმ მიღწევებზე, რომელიც საქართველოში არსებობს, განსაკუთრებით ეკონომიკაში.

მისივე თქმით, ზოგადად ასეთი ფორმის და მრავალმასშტაბიანი კონფერენცია რეალურად არ ჩატარებულა.

„ბევრი თემაა, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკასთან. ამ შემთხვევაში, მე ბიძინა ივანიშვილს ვუყურებ, როგორც ყველაზე მსხვილ ქართველ ბიზნესმენს, ინვესტორს, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის. ეს არის აბსოლუტურად ეკონომიკური ფორმატის შეხვედრა და ვფიქრობ, რომ ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ“, - განაცხადა ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი თემა, რომლის დაყენებასაც ბიზნესასოციაცია შეხვედრაზე გეგმავს, არის ტურიზმი. როგორც ჭირაქაძემ აღნიშნა, ტურიზმი სწრაფად ვითარდება, თუმცა ამავდროულად თუ სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურისთვის მეტი ყურადღების მიქცევა არ მოხდა, მაშინ შესაძლოა სერვისი დაეცეს და ამ კონტექსტში, გიორგი ჭირაქაძემ რამდენიმე კვირის წინ ბათუმში ჩატარებული კონცერტი გაიხსენა, რომლის დროსაც, მისი თქმით, „საკვები და სასმელი გამოილია“.

როგორც ჭირაქაძემ განაცხადა, ასევე საუბარი შეეხება ლარის კურსს, რომელიც არის მნიშვნელოვანი და იმას, თუ რა არის გასაკეთებელი, რომ „კურსი შენარჩუნდეს და არ გაფუჭდეს“.