მამუკა ხაზარაძე - მთავრობა ბიზნესს უსმენს

შეხვდე ადამიანს, რომელიც არის ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი და რომელმაც შეცვალა ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა, ძალიან საინტერესოა , - ამის შესახებ საზოგადოება 20/30-ის მიერ ორგანიზებული ეკონომიკური ფორუმის შემდეგ ჟურნალისტებს ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ იმ კითხვის პასუხად განუცხადა, თუ რა მანდატით ხვდებოდა ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებსა და ექსპერტებს.

„შეხვდე ადამიანს, რომელიც არის ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი. ადამიანი, რომელმაც სულ რაღაც 4 წლის წინ შექმნა პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეცვალა რეალობა და დააკომპლექტა მთავრობა, ბუნებრივია არის ძალიან საინტერესო. შესაბამისად, ფორმატს რას დავარქმევთ, ეს იყო საზოგადოება 20/30-ის, თუ „მოქალაქის“ მიერ ორგანიზებული, ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ჩვენ ყველამ ერთად ვისაუბრეთ ქვეყნის მომავალზე და იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და დოვლათი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, იყო თანხმობა იმ საკითხზე, რომ ბიზნესი გააგრძელებს მთავრობის კრიტიკას იმ საკითხებზე, რომელშიც არ ეთანხმება, თუმცა ამავდროულად ნათელია, რომ მთავრობა ბიზნესს უსმენს და მომართულია იმ რეფორმების განხორციელებისკენ, რომელიც ბიზნეს-სექტორს სჭირდება.