"ხვანჭკარა" ევროპაში, კანადასა და ამერიკაში გამოჩნდა

"ექსპერტები, რომლებმაც ევროპაში ყიფიანის "ხვანჭკარას" ოქროს მედალი მისცეს, მას ბურგუნდიულ ღვინოს ადარებდნენ"

რაჭა უნიკალური ღირსებებისა და სილამაზის რეგიონია; თუმცა უპირველესი, რაც ქართველ კაცს ამ რეგიონის სახელის წარმოთქმისას გაახსენდება, უნიკალური ღვინო "ხვანჭკარაა". და არა მხოლოდ ქართველს, - ეს ღვინო ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში გაიტანა ბელგიაში ადგილობრივმა მეწარმე­-მემამულე ყიფ­იანმა და ოქროს მედ­ალი მოიპოვა. ამიტომაც ღვინოს "ყიფ­იანის ღვინის" სახელი თითქმის საუკუნის ბოლომდე­ შერჩა. თუმცა ბაზ­არზე გასატანად სახელი "ხვანჭკარა"­ ბევრად მომგებიანი აღმოჩნდა.

სამწუხაროდ, ათეული წლებია "ხვანჭკარა", რომელიც ალექსანდროულისა და მუჯურეთული ჯიშის ვაზისგან იწურება, მხოლოდ რუსეთის ბაზარზე გადიოდა, მათ შორის, საქართველოსთვის მეტად მძიმე, 90-იან წლებშიც. სწორედ ამის დამსახურება იყო, რომ ის სოფლები (ხვანჭკარა, სადმელი, ბოსტანა, დიდი ჩორჯო, პატარა ჩორჯო; დიდი ტოლა, პატარა ტოლა), სადაც "ხვანჭკარას" აყენებდნენ, ყველაზე ნაკლებად დაიცალა. დღეს "ხვანჭკარა" ევროპაში, კანადასა და ამერიკაშიც გამოჩნდა, პარ­ალელურად, გაპარტახებულ ადგილებში სწრაფი ტემპით დაიწყო ახალი ვენახების გაშენება, რამაც ქარხნების ამუშავება მოითხოვა.

ამბროლაურის ღვინის ქარხანა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, იაფი სესხით ამუშავდა. დღეს აქ ჩამოსხმული ბოთლი "ხვანჭკარა" ადგილობრივ ბაზარზე 55 ლარამდე ღირს; უცხოეთში კი, 6-7-ჯერ მეტი. ტექნოლოგი ომარ ჭელიძე სახვანჭკარედ ვაზის გამრავლებაზე დიდ იმედებს­ ამყარებს.

- რადგან "ხვანჭკარისთვის" საჭირო ჯიშები ყველგან ვერ ხარობს, ხალხმა მისი გავრცელების ზონაში ქედებზე ბუჩქნარი ამოძირკვა და ახალშენები გააშენა. ეს ადვილი საქმე არ გეგონოთ. ვაზის გაშენებას­ დიდი შრომა სჭირდება, მით უფრო, რაჭაში, მთაგორიან ადგილებზე. ამას დავუმ­ატოთ ტყისა და ძეძვნარის გაკაფვა და მივ­ხვდებით, რამხელა იმედი აქვს ხალხს "ხვანჭკარის" ღვინის!

შარშან 1 კგ ყურძენში ხალხს 5 ლარი გადაუხადეს და ამით წაქეზებულებმა ვაზი ჩაყარეს. ახალშენისთვის ნამყენი რომ დავამზადოთ, სანამყენე ლერწი კახეთში უნდა გავგზავნოთ, რომ დაგვიმყნონ საძირეზე და ისე გამოგვიგზავნონ რაჭაში. ჩვენი "ხვანჭკარა" ცოტა, მაგრამ მაინც გავიდა ამერიკაში, გერმანიაში, კანადაში. რაჭის მთებიდან ღვინო კანადაში რომ მოხვდება,­ ამაზე მეტი სიხარული იქნება?! ერთხანს "ხვანჭკარის" გატანა იმდენად შემცირდა, რომ შეიძლება ადამიანს ეჭვიც­ გასჩენოდა, ამ საქმის წამოწყება არ ღირსო. ფალსიფიკატორები გვიშლიდნენ­ ხელს, ახლა კი, რაც ევროპული ბაზარი­ გაიხსნა, ვერაფერს გახდებიან - ღვინო წინასწარ შემოწმდება და ისე გავა ექსპორტზე.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 20 ივნისის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ეთერ ერაძე