საქართველოში ე.წ. დუტის ქურთუკების ფაბრიკა გაიხსნება

საქართველოში ე.წ. დუტის ქურთუკების ფაბრიკა გაიხსნება. როგორც “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია ე.წ. დუტის ქურთუკების ფაბრიკაზე, რომელიც არის ჩინეთის პროვინცია ძიანგსში და რომელიც განკუთვნილია ბრენდების მიერ შეკვეთილი პროდუქციის წარმოებისთვის.

როგორც საგანელიძემ განაცხადა, ძიანგსში არსებული ფაბრიკა ჩინეთის მოსახლეობის 60%-ს აკმაყოფილებს და ასევე აქვს დიდი ექსპორტი უცხოეთში.

„სწორედ ამ ქარხნის წარმომადგენლობის გახსნაზეა საუბარი საქართველოში, რაც ბუნებრივია ბევრ ადამიანს დაასაქმებს და შექმნის საქართველოში სერიოზულ საექსპორტო პოტენციალს“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

მისივე თქმით, ფაბრიკისთვის კონკრეტული ადგილი შერჩეული ჯერჯერობით არ არის. საუბარია თბილისის შემოგარენში რუსთავის მიმართულებით რამდენიმე ტერიტორიაზე და მიმდინარეობს სწორედ ადგილის შერჩევა.

„საუბარია იმაზე, რომ საქართველოში შეიკეროს ის ქურთუკები, რომელსაც ამ ქარხანას უკვეთავს ძალიან მსხვილი ბრენდები. მე არ მინდა ისინი ჩამოვთვალო, ყველამ ვიცით და გვინახავს ეს ბრენდები უკვეთენ ქარხანას და შემდგომ გააქვთ ევროპაში. სწორედ ასეთი ბრენდების შეკვეთილი პროდუქციის წარმოებისთვის იქნება ქარხანა შექმნილი საქართველოში“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელის განცხადებით, გადაწყვეტილება საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით მიღებულია. დარჩენილია მხოლოდ კონკრეტული თემა, თუ რომელი მხარის მიერ რამდენი თანხა იქნება გაღებული. მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტში „საპარტნიორო ფონდიც“ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ეს იქნება მცირე.

“მთავარია, რომ ჩვენი მონაწილეობა დაფიქსირდეს, როგორც სახელმწიფოში. შეიძლება ფონდმა დიდი ინვესტიციები არ განახორციელოს, თუმცა მისი ყოფნა თუნდაც 10%-ით იქნება მნიშვნელოვანი ჩინური მხარისთვის“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე