"ბათუმი თაუერში" სასტუმრო 2017 წლის ზაფხულში გაიხსნება

"ბათუმი თაუერში" ახალი სასტუმრო 2017 წ ლის ზაფხულში გაიხსნება. შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ”ლე მერიდიანი” განთავსდება.

დეველოპერული კომპანია ”რედკოს” პროექტების მენეჯერის, მალხაზ კუნელაურის განცხადებით, სასტუმროს ბრენდ-ოპერატორთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, რომლის თანახმად შენობაში ”ლე მერიდიანი” 30 წლით განთავსდება.

"ჩვენ უკვე დავასრულეთ სასტუმროს ნაწილის მშენებლობა, ჩართულია დაახლოებით 20-მდე უცხოელი კონსულტანტი, რომელიც მაღალი სტანდარტებით 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტირებას ახორციელებს და ეს სასტუმრო 2017 წლის ზაფხულის სეზონისთვის გვექნება, ვფიქრობ, ბათუმში ერთ–ერთი ყველაზე მაღალი კლასის იქნება“, – განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.

„რედკომ“ "ბათუმი თაუერი“ სახელმწიფოსგან 2015 წელს 25 მილიონ დოლარად შეიძინა, პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი 60 მილიონი დოლარია.

შეგახსენებთ, „ბათუმი თაუერში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსებას გეგმავდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე