თინა ხიდაშელი - მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს- მადლობა ვუთხრათ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ქართულ ბიზნესს და საზოგადოებას მიმართავს, აქტიურად ჩაერთონ ARMY CARD-ის პროექტში.

როგორც თინა ხიდაშელმა მედიასთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვნაი კამპანია ”მადლობა სამსახურისთვის”.

”ეს არის ერთგვარი მადლობის კამპანია ყველა იმ ჯარისკაცისთვის და სამხედრო მოსამსახურისთვის, რომლებიც ყოველდღიურად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ემსახურებიან ქვეყანას. ჩვენ მივმართეთ ქართულ ბიზნესს, რომ დახმარებოდა ქართულ ჯარს, დამდგარიყო ქართველი ჯარისკაცების დახმარების სადარაჯოზე და ამით მადლობა ეთქვა მათთვის სამსახურისთვის. ”საქართველოს ბანკთან” ერთად დავიწყეთ პროექტი ARMY CARD და ამ პროექტს უკვე დაახლოებით 20-მდე კომპანია შემოუერთდა, რომლებიც სთავაზობენ სხვადასხვა ტიპის სერვისებს ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს.

მე მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ვუთხრათ მადლობა ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს. ვუთხართ მადლობა სამსახურისთვის და ეს მადლობა სამსახურისთვის გამოვხატოთ მათი ოჯახების მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით ჩვენი დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდაჭერისთვის, ასევე სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში დაჭრილი და დასახიჩრებული მეომრებისთვის.

როგორც არ უნდა გვიჭირდეს, რა პრობლემებიც არ უნდა გვქონდეს, ესენი არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ ჩვენ მშვიდ ძილს”, -განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ჯარისკაცები საზოგადოების ზუსტად ისეთივე წევრები არიან, როგორც ნებისმიერი სხვა და მათაც იგივე სოციალური პრობლემები აქვთ, მათი ოჯახის წევრებიც იმავე გამოწვევებს აწყდებიან ყოველდღიურად, როგორც ნებისმერი სხვა, მაგრამ მაინც დგანან ყოველდღიურად სამშობლოს სამსახურში და დაუზოგავად წირავენ საკუთარ სიცოცხლეს.

”ყველას მინდა გთხოვოთ, მონაწილეობა მიიღოთ ARMY CARD - ის პროცესში, რამდენადაც ეს შესაძლებელია”, - განაცხადა ხიდაშელმა.