როგორ გავრეცხოთ მანქანა წყლის გარეშე - ინოვაციური სერვისი თბილისში

ცოტა ხნის წინ თბილისში ახალი კომპანია FLYWASH გამოჩნდა, რომელიც კლიენტებს ადგილზე მისვლას და ავტომობილის გარეცხვას, სპეციალური ქიმიური საშუალებებით სთავაზობს. საიდან წამოვიდა იდეა, რა ღირს სერვისით სარგებლობა, ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს გიორგი გულუას ვთხოვეთ:

- იდეა წამოვიდა იქიდან, რომ თითქმის სულ დაკავებული ვარ და დრო არ მაქვს, სამრეცხაოში მივიდე. თავიდან ვფიქრობდით მობილურ სამრეცხაოზე, ანუ გაგვეკეთებინა მანქანა, რომელსაც ექნებოდა სპეციალური ავზი, ივლიდნენ და ადგილზე გარეცხავდნენ ავტომობილებს, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ წყლის დაღვრაზე ჯარიმაა. ამიტომ ალტერნატივის ძებნა დავიწყეთ. გავიგეთ, რომ საქართველოში ადრე ყოფილა ფირმა, რომელიც სპეციალური ხსნარებით ადგილზე რეცხავდა მანქანას, თუმცა ეს ფირმა გაუქმებულა. როგორც აღმოჩნდა, ისინი იყენებდნენ რუსულ ხსნარებს, რაც ძალიან დაბალი ხარისხისაა. მას მერე, რაც გადავწყვიტეთ, რომ ეს საქმე დაგვეწყო, მოვიძიეთ, თუ რა ხსნარს იყენებენ აშშ-ში, სადაც ეს ბიზნესი ძალიან პოპულარულია. დავუკავშირდით მსოფლიოს სამეულში მყოფ ფირმას და მათგან ექსკლუზიურად ვიღებთ სპეციალურ ხსნარებს, რომლებითაც ხდება მანქანის გარეცხვა.

- საზოგადოება როგორ შეხვდა თქვენს იდეას?

- ჯერჯერობით ვინც ისარგებლა ჩვენი მომსახურებით ყველა კმაყოფილია, რაც ძალიან სასიხარულოა. მომხმარებლები გვირეკავენ და გვწერენ, რომ ძალიან მოსწონთ ეს სერვისი. სამწუხარო ისაა, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ამ სერვისის შესახებ ჯერ არ იცის. ჩემი მეგობრისთვის მიკითხავს, რატომ მიდიხარ სამრეცხაოში?! უი, დამავიწყდა თქვენი არსებობა. ხალხს გამჯდარი აქვს, რომ მანქანა აუცილებლად სამრეცხაოში უნდა გარეცხონ, არადა სამრეცხაოს ძალიან დიდი დრო მიაქვს. გარდა რეცხვის პროცესისა, შეიძლება იყოს რიგი და ა.შ. ამ ყველაფრის გადაჩვევა არის ცოტა რთული, მაგრამ ამის არ გვეშინია. ჩვენი სეგმენტია ხალხი, ვინც მუშაობს და ვისთვისაც ყოველი წუთი არის ძვირფასი. ეს მომსახურება ძვირფასია მათთვის, ვისაც სამსახურის მერე არ უნდა საცობში მოხვდეს ანუ ჩვენი სეგმენტი დასაქმებული ადამიანები არიან.

- რა ღირს თქვენი მომსახურება და რამდენი ხანი ჭირდება გარეცხვას?

- 14 ლარი ღირს სედანი (გარედან და შიგნიდან) და 16 ლარი ღირს ჯიპი. რეცხვის დრო დაახლოებით 25 წუთია. სამწუხაროდ, ერთი მინუსიც აქვს ჩვენს მომსახურებას, გამომდინარე იქიდან, რომ რეცხვა ხდება ხსნარებით, მაგალითად, სოფლის ტალახიანი გზიდან ჩამოსული მანქანების საბურავების ზედა რკინაში ჩასმული ტალახის მოცილებას ვერ ვახერხებთ. ამისთვის, კერხერის ჭავლია საჭირო.

- რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული?

- ახლა მარტო მრეცხავი არის 10 ადამიანი და ყველა მათგანი არის სტუდენტი. ისინი თან სწავლობენ და თან მუშაობენ. თამამად ვიტყვი, რომ ეს ის ხალხია, ვინც მომავალში ტოპ-მენეჯერები გახდებიან, რადგან პატარა ასაკიდანვე ეჩვევიან შრომას. აქვე გეტყვით, რომ ანაზღაურებაც საკმაოდ ნორმალური გამოსდით და არაა ისე, რომ მხოლოდ პურის ფული რჩებოდეთ. ყოველ მეექვსე მანქანაზე აქვთ ბონუსები და დღეში ერთ ადამიანს შეუძლია 24 მანქანამდე გარეცხოს, რაც დაახლოებით 45 ლარია, რაც მთავარია, ეს არაა მძიმე სამუშაო.

ლადო გოგოლაძე