კურორტ „გოდერძიზე“ დასასვენებელი კომპლექსი აშენდება

სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე’’ დასასვენებელი კომპლექსი „ალიანს რეზორტი“ აშენდება.

100-ნომრიანი „ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე აშენდება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს. პროექტი 24 თვეში დასრულდება და კომპლექსში 100 ადგილობრივი დასაქმდება.

”ალიანს რეზორტში” საცურაო აუზი, ჩოგბურთის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი განთავსდება.

„ალიანს რეზორტი“ საერთაშორისო ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისად იქნება აშენებული.

სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ 2015 წლის 5 დეკემბერს გაიხსნა. კურორტზე არის გონდოლას და ბაბლის ტიპის საბაგირო. სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან კი 2366 მეტრი.

კურორტზე ამ ეტაპზე განთავსებულია 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ასევე ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა. სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო.

საბოლოო გეგმის მიხედვით, კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს.

მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონი კურორტ გოდერძიზე ოფიციალურად 2 ივლისს გაიხსნა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, კურორტის პოპულარიზაციისა და განითარებების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია, ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი გახდეს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე