უხარისხო ავტონაწილები - მძღოლები სიკვდილს ეთამაშებიან!

საქართველოში სიცოცხლისთვის საშიში ავტომობილები დადის. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ქვეყანა სავსეა მეორადი, გაურკვეველი წარმომავლობის ავტონაწილებით, ჩამოწერილი საბურავებით და აზბესტის შემცველობის ხუნდებით, რომლის გამოყენების შედეგადაც ადამიანები სასუნთქი გზების კიბოს პოტენციური მატარებლები არიან. საქართველოს ავტობაზარი აბსოლუტურად უკონტროლოა, შედეგად იმატებს ავტოსაგზაო შემთხვევები, ბინძურდება გარემო და ადამიანები სულ უფრო ხშირად ავადდებიან.

განვითარებულ ქვეყნებში მეორადი ავტონაწილების გამოყენება სასტიკად აკრძალულია. მანქანის შეკეთებისას მხოლოდ ქარხნული წესით დამზადებული ნაწილები გამოიყენება. საქართველოში ეს წესი არ მოქმედებს. სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობა, რომლისთვისაც ავტომობილი შემოსავლის მიღების წყაროა, საერთოდ არ უყურებს ავტონაწილის წარმომავლობასა და ექსპლოატაციის ვადას, მისთვის მთავარი ფასია. თუმცა, მას ისიც ესმის, რომ კუსტარულად შეკეთებულმა მანქანამ ნებისმიერ დროს შეიძლება უმტყუნოს.

ზურაბ ნარიმანიძე ყვარლის რაიონში ცხოვრობს. "გაზ"-ის მარკის სატვირთო მანქანით მთიდან შეშას ეზიდება და ოჯახს ამით არჩენს. მისი შემოსავლის დიდი ნაწილი ავტომობილის შეკეთებაში იხარჯება.

"ძველი ავტომობილი ვიყიდე სესხით. ძრავი ჰქონდა დაზიანებული და "მატორისტს" გავაკეთებინე. ნაწილები, რაც საჭირო იყო, თავად ჰქონდა. ზუსტად ორ კვირაში შეშით დატვირთული მოვდიოდი და მანქანა შეფერხდა, ძრავში რაღაც ხმა გაისმა. ერთი სიტყვით, ისევ გაფუჭდა და თავიდან გავაკეთებინე.

ისეთ გზებზე დავდივარ, მანქანა მაქსიმალურად გამართულ მდგომარეობაში უნდა იყოს, რაიმე უბედურება რომ არ შემემთხვეს. ამ დროს წარმოდგენა არ მაქვს რა ნაწილები იყიდება ქვეყანაში. თუკი მეცოდინება, რომ ნამდვილად ახალია და ქარხნული წესით დამზადებული, ფული არ დამენანება. საქმე ჩემი და სხვების სიცოცხლეს ეხება", - ამბობს ზურაბ ნარიმანიძე.

საქართველოში არსებული ავტოპარკი ვერანაირ კრიტრიკას ვერ უძლებს. 400 ათას ავტომობილზე მეტის წლოვანება 20 წელს სცილდება. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის დავით მესხიშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ამ ხნოვანების მანქანებისთვის ახალი ავტონაწილები აღარ იწარმოება, მათ ფლობელებს ახლის ყიდვისა და ძვირის გადახდის შესაძლებლობაც არ აქვთ.

"ჩვენთან, ძირითადად, გავრცელებულია "მერსედესისა" და "ბეემვეს" ავტომობილები, რომლებსაც "სატაქსაოდ" იყენებენ. მათი მფლობელებისთვის ორიგინალი ნაწილების შეძენა ძალიან ძვირი ჯდება. ფიზიკურად, ამ წლოვანების ავტომობილების სათადარიგო დეტალებს ქარხნები აღარც უშვებენ, თუმცა, ვინაიდან მოთხოვნა არსებობს, თურქეთსა და ჩინეთში აწარმოებენ მარაგ ნაწილებს. ასეთ დეტალებს ძალიან ბევრი წუნი აქვს და ამის მომსწრე თავადაც ვყოფილვარ.

შეიძლება ითქვას, საქართველოში უსაფრთხოების არანაირი სტანდარტი არ არსებობს. წესით ავტომობილი უნდა შეკეთდეს ქარხნული წესით გამოშვებული ავტონაწილებით. ჩვენთან არავინ იცის, რა შემოდის და არის თუ არა იგი უსაფრთხო", - ამბობს მესხიშვილი.

მეორადი ავტონაწილები, უმეტესად, იაპონიიდან შემოდის. ის კი არა, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები იაპონიიდან იწერენ ძველ ავტომანქანებს, შემდეგ მას შლიან და ნაწილებად ყიდიან.

დავით მესხიშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" ერთ სკანდალურ ინფორმაციაზეც საუბრობს, რომელიც ყვითელ მიკროავტობუსებს ეხება. მისი ინფორმაციით, თბილისში მოძრავი სამარშრუტო ტაქსები კუსტარული ავტონაწილებით არის აწყობილი - ორიგინალი ძრავები ამოღებულია და ჩადებულია "მერსედეს ემელის" მეორადი ძრავა. ამ მიკროავტობუსებში, რომლებსაც უამრავი ადამიანი გადაჰყავს, გაზის სისტემა ყოველგვარი სტანდარტის უგულებელყოფით არის დამონტაჟებული.

"ჩვენი კანონმდებლობაც კი კრძალავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქარხნული მეთოდის გვერდის ავლით გადაკეთებას, მაგრამ აქ ეს არავის ანაღვლებს. გარდა ამისა, გაზის სისტემის დამონტაჟება ხდება ავტოფარეხებში, ყოველგვარი აკრედიტაციის გარეშე. ბაზარი მთლიანად უკონტროლოა. ხშირ შემთხვევაში პატიოსანი გამყიდველიც კი ვერ მოგცემთ გარანტიას გამოგადგებათ თუ არა მასთან ნაყიდი ნაწილი. სამწუხაროდ, ამით ზარალდებიან ავტომფლობელები, ვინაიდან ერთი და იგივე დეტალის შეცვლა რამდენჯერმე უწევთ", - ამბობს დავით მესხიშვილი.

საერთოდ კი მეორადი ავტონაწილების რეალიზაციიდან ბიუჯეტში თითქმის არაფერი შედის და ამ შემთხვევაში მოგებული მხოლოდ გადამყიდველია.

ავტოექსპერტი გელა კვაშილავა ყურადღებას მეორად საბურავებზე ამახვილებს. მისი აზრით, ეს არის საკითხი, რომელსაც ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს.

"ტრანსპორტის სფერო საერთოდ უკონტროლოა. საჭიროა იმპორტიიორებს სტანდარის დამადასტურებელი საბუთი ჰქონდეთ. საგანგაშო ვითარებაა მეორადი საბურავების კუთხითაც, რომელიც ზრდის ავარიის საფრთხეს, აბინძურებს გარემოს", - ამბობს კვაშილავა.

საბაჟო სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, შარშან საქართველოში 134 ათასი საბურავის იმპორტი განხორციელდა. აქედან 120 ათასი მეორადი საბურავი იყო, ხოლო ახალი - მხოლოდ 14 ათასი. როგორც წესი, შემოტანილი მეორადი საბურავების დაახლოებით 30-40% იმთავითვე გამოუსადეგარია.

საქართველოში მეორადი საბურავები, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებიდან და იაპონიიდან შემოდის. ამორტიზებული საბურავების გადამუშავება განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილისთვისაც კი პრობლემაა. ამიტომ ისინი, ნარჩენების თავიდან მოსაცილებლად, საქართველოს მსგავს ქვეყნებს იყენებენ.

"თეგეტა მოტორსის" კომერციული დირექტორი გიორგი მშვილდაძე ამბობს, რომ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის სომხეთშიც, მეორადი საბურავების იმპორტი აკრძალულია. მართალია საქართველოში სოციალური ფონი მძიმეა, მაგრამ არ შეიძლება ქვეყანა ნარჩენების გადასაყრელად იქცეს.

"თუ ადრე იმპორტირებული საბურავებიდან ახლებისა და მოერადების წილი 50-50%-ზე იყო, ახლა, ფაქტობრივად, 70% უკვე მეორადი შემოდის. ეს ტენდენცია კიდევ უფრო მზარდია. მაგალითად, იანვარში იმპორტირებული საბურავებიდან 90% იყო მეორადი. აქედან დიდი ნაწილი უკვე გამოუსადეგარია, ანუ პრაქტიკულად, გადასაყრელადაა შემოტანილი.

ეს საკითხი ძალიან პრობლემურია, ნაგვით ივსება ქვეყანა. ჩვენ ამორტიზირებულ საბურავებს დასუფთავების სამსახურებს ვაბარებთ, ფულს ვიხდით, შემდეგ მათ სად მიაქვთ, ვერ გეტყვით", - ამბობს გიორგი მშვილდაძე და დასძენს, რომ საქართველოში ეს პროცესი არა მარტო გარემოს უქმნის პრობლემებს, არამედ მატულობს ავარიის რისკიც, ვინაიდან ამორტიზებული საბურავების გამოყენებით სამუხრუჭე მანძილი იზრდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა აზბესტის შემცველი სამუხრუჭე ხუნდების გამოყენებაც. დამუხრუჭებისას აზბესტი ჰაერში იფრქვევა და აზიანებს ადამიანის სასუნთქ ორგანოებს, ამას ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც. აზბესტის დიდი რაოდენობით ორგანიზმში დალექვა იწვევს კიბოს.

სპეციალისტები გამოსავალს ტექდათვალიერების სასწრაფოდ ამოქმედებასა და სტანდარტების შემუშავებაში ხედავენ.

"გამოსავალი არის ტექნიკური დათვალიერების აღდგენა. ასევე "ევრო-4"-ის სტანდარტის საზღვრებზე დაწესება. ქვეყანაში 20 წელზე ასაკიანი ავტომობილები აღარ უნდა შემოდიოდეს. ამასთანავე აუცილებელია რეგულაციების განსაზღვრა მეორადი ავტონაწილებისა და საბურავების პრობლემის მოსაგვარებლად", - აღნიშნავს დავით მესხიშვილი.

ქაოსური ბაზრის მოწესრიგება ხელისუფლებისთვის, განსაკუთრებით ასეთ სოციალურად მძიმე პირობებში საკმაოდ რთული და პოლიტიკურად არამომგებიანია. ამასთანავე ცხადია ისიც, რომ მოუწესრიგებელი ავტომობილი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, იზრდება ავარიების მაჩვენებელი, ბინძურდება გარემო და მატულობს მძიმე დაავადებების სტატისტიკა.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"