ერთი თვის განმავლობაში საქართველოში 58 კოოპერატივი შეიქმნა

„საქართველოში მოქმედი კოოპერატივების უმეტესობა მრავალდარგოვანია“

კოოპერატივების რაოდენობა საქართველოში თანდათან მატულობს. როგორც კოოპერატივების განვითარების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, 1 ივნისიდან დღემდე საქართელოში 58 კოოპერატივი შეიქმნა. სააგენტოში აცხადებენ, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში 1 549 კოოპერატივი საქმიანობს, სადაც 13 282 ადამიანია გაერთიანებული. შეგახსენებთ, რომ პირველი კოოპერატივი საქართველოში 2014 წლის მარტში შეიქმნა.

კოოპერატივების განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი აქტიურობს, თუმცა კოოპერატივები სხვა კუთხეებშიც საკმაო რაოდენობით იქმნება. ისიც საყურადღებოა, რომ ამ საქმეში განსაკუთრებით აქტიურობენ ქალები: 13 282 მეპაიეს შორის 3 615 ქალია. საქართველოში 52 კოოპერატივი მოქმედებს, სადაც მხოლოდ ქალები არიან გაერთიანებული, შეიძლება ითქვას, რომ ეს ქალთა კოოპერატივებია“, - აცხადებენ სააგენტოს მუშაკები. მათივე თქმით, ქართული კოოპერატივების კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ ისინი ერთდროულად რამდენიმე სფეროში საქმიანობენ: შეიძლება კოოპერატივის წევრები მეფუტკრეობასაც მისდევდნენ და მევენახეობასაც, ან ხილ-ბოსტნეული მოჰყავდეთ და პარალელურად ფუტკარსაც უვლიდნენ. მოკლედ, საქართველოში მოქმედი კოოპერატივების უმეტესობა მრავალდარგოვანია“, - აცხადებენ კოოპერატივების განვითარების სააგენტოში.

ხათუნა ჩიგოგიძე