2017 წლიდან „ნოკია“ საქართველოში ისევ გამოჩნდება

ფინურმა კომპანიამ თავისი ცნობილი ბრენდი უკან დაიბრუნა

2017 წლიდან „ნოკიას“ ტელეფონებს ისევ ფინური კომპანია გამოუშვებს. ამის თაობაზე „ბიზნესრესნიუსს“ სავაჭრო სახლ „გოლეთიანის“ მარკეტინგის მენეჯერი ანა გოლეთიანი ესაუბრა.

„2012 წელს „ნოკია“ ოფიციალურად შეისყიდა „მაიკროსოფტმა“, რადგან კომპანიას სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა - ის გაკოტრდა. ამჟამად სწორედ „მაიკროსოფტი“ უშვებს ე.წ. ლუმიებს, რომლებიც ვინდოუსის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს, ჩვეულებრივი, ღილაკიანი ტელეფონები კი ისევ „ნოკიას“ სახელით იწარმოება, ოღონდ „მაიკროსოფტის“ მიერ. თუმცა, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ ფინეთმა უკან დაიბრუნა თავისი ცნობილი ბრენდი და მომავალი წლიდან „მაიკროსოფტს“ შეხება აღარ ექნება „ნოკიას“ ტელეფონებთან“, - აღნიშნა ანა გოგიაშვილმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, „ნოკიას“ ახალი ტელეფონები ანდროიდის სისტემაზე იმუშავებს თუ ვინდოუსის ოპერაციულ სისტემაზე. თუმცა ერთი რამ უკვე დადგენილია - საქართველოში „ნოკიას“ რეალიზატორი ისევ სავაჭრო სახლი „გოლეთიანი“ იქნება.

„სავაჭრო სახლი „გოლეთიანი“ „ნოკიას“ ერთადერთი ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. 2017 წელს 20 წელი შესრულდება, რაც ჩვენ „ნოკიასთან“ ვთანამშრომლობთ, როგორც გვპირდებიან, ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. მომხმარებელი უნდა გავაფრთხილოთ: თუ ამ ფირმის ტელეფონებს სხვაგან შეიძენთ, ესე იგი, ის ორიგინალი არ არის. იგივე ითქმის „მაიკროსოფტის“ ორიგინალ ტელეფონებზეც, რომლებიც მხოლოდ ჩვენს ქსელში იყიდება“, - აღნიშნა ანა გოგიაშვილმა.

ხათუნა ჩიგოგიძე