ამბროლაურში არაალკოჰოლური სასმელების საწარმო ყოველწლიურად 5 მლნ ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლის გამოშვებას შეძლებს

ამბროლაურში არაალკოჰოლური სასმელების საწარმო ყოველწლიურად 5 მილიონი ლიტრის ოდენობის მინერალური და მტკნარი წყლის გამოშვებას შეძლებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ამბროლაურში არაალკოჰოლური სასმელების საწარმო შეიქმნება.

სამინისტროს ცნობით, მთავრობის სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, დამტკიცდა განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვით კიდევ ერთი ახალი საწარმო შეემატება „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული საწარმოების ნუსხას.

მთავრობის განკარგულების შესაბამისად, შპს „იწის წყალს“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად სახელმწიფოსგან გადაეცემა ქალაქ ამბროლაურში, გურგენიძის ქუჩის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც კომპანია არაალკოჰოლური სასმელების საწარმოს შექმნას და ორ წელიწადში პროდუქციის გამოშვებას გეგმავს. ამისთვის „იწის წყალი“ 233 200 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

”კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, საწარმო ყოველწლიურად ხუთი მილიონი ლიტრის ოდენობის მინერალური და მტკნარი წყლის გამოშვებას შეძლებს. პროდუქციის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გაიყიდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალ საწარმოში 30 ადამიანი დასაქმდება.