შემოდგომიდან ბაზარზე ქართული ზეთისხილის ზეთი გამოჩნდება

უახლოეს თვეებში სუპერმარკეტებში ქართული წარმოების ზეთისხილის ზეთი და მარინადი გაიყიდება.

კომპანია „ჯეოლაივის“ კოორდინატორის ალექსანდრე ჩახნაშვილის განცხადებით, კომპანიას სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში ზეთისხილის პლანტაციები აქვს გაშენებული. მისივე თქმით, ზეთისხილის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა მარტში დასრულდა, მაგრამ სრული დატვირთვით ჯერ არ ამუშავებულა.

„შემოდგომიდან არა მარტო ზეთის, არამედ მარინადების გამოშვებასაც ვგეგმავთ. ზეთისხილს ქილებში გამოვუშვებთ, კონსერვების სახით, ზეთი კი, უკვე ფილტრაციას გადის. რაც შეეხება პლანატაციებს, მათი გაშენება 2010 წლიდან დავიწყეთ და ფართობს თანდათან ვაფართოებთ. ძირითადად თურქული ზეთისხილი მოგვყავს, თუმცა ესპანური და იტალიური ჯიშებიც გვაქვს გაშენებული. ზეთს თურქული ჯიშის ზეთისხილისაგან ვხდით. ჩვენი პროდუქციის რეალიზაციას ძირითადად სუპერმარკეტებში ვგეგმავთ და ჩვენი პროდუქცია ეტიკეტზე წარწერით - „ქართული ზეთისხილი“ გამოჩნდება“, - აცხადებს „ჯეოლაივის“ წარმომადგენელი.

ხათუნა ჩიგოგიძე