ევროპაში მწეველთა რაოდენობის შემცირების გამო, "ბრითიშ ამერიქან ტობაკო" 1000-მდე თანამშრომელს შეამცირებს

"ბრითიშ ამერიქან ტობაკო", რომელიც ”ლაქი სტრაიკის” მწარმოებელი კომპანიაა, 950 სამუშაო ადგილს შეამცირებს.

კომპანიის განცხადებით, გერმანიაში მდებარე ქარხანაში თანამშრომელთა შემცირების მიზეზი დასავლეთ ევროპაში მწეველთა რაოდენობის შემცირებაა.

ქარხანაში, სადაც 1 320 ადამიანი მუშაობს, შტატების შემცირება ეტაპობრივად, 2 წლის განმავლობაში გასტანს.

”არსებულმა ეკონომიკურმა გარემომ, სხვა რეგულაციებთან ერთად, ზოგ ქვეყნებში თამბაქოს მოხმარების საგრძნობლად შემცირება გამოიწვია, რაც ბუნებრივია, წარმოებაზეც აისახა”, - ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

საერთო ჯამში, "ბრითიშ ამერიქან ტობაკოში" 2015 წლის ბოლოსთვის თანამშრომელთა რაოდენობა 87 000-მდე შემცირდა. 2001 წელს კომპანიაში 140 000 ადამიანი იყო დასაქმებული.

"ბლუმბერგის" ცნობით, ბოლო ათი წლის  განმავლობაში  დასავლეთ ევროპაში მწეველთა რიცხვი  3,6 პროცენტით - 23 პროცენტამდე შემცირდა. შედეგად, მარტში "ბრითიშ ამერიქან ტობაკომ" მალაიზიაში არსებული ქარხანა დახურა.

თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების სიმსხვილით "ბრითიშ ამერიქან ტობაკო" რიგით მესამეა მსოფლიოში.