"ლამპი" - ახალგაზრდა დიზაინერების ინოვაციური სანათები

ხის, მეტალისა და მინისგან დამზადებული ხელნაკეთი სანათების მწარმოებელი კომპანია „ლამპი“ დიზაინერთა ჯგუფმა თებერვალში დააფუძნა.

ამ ეტაპზე კომპანიას პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე აქვს წარმოდგენილი. ახალგაზრდა დიზაინერებმა ხელნაკეთი სანათები უკვე ორ გამოფენაზე წარადგინეს. როგორც შპს ,,ლამპის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა გამისონია აღნიშნავს, წარმოება თანდათან გაიზარდა და დღეს უკვე სანათების მაღაზიათა ქსელთან გრძელვადიანი კონტრაქტი აქვთ გაფორმებული პროდუქციის მიწოდებაზე.

,,არ მეგონა, რომ ჩვენი მცირე ბიზნესი ასე სწრაფად ამუშავდებოდა. ჩვენი დიზაინით სანათების კეთება ტექნოპარკში დავიწყეთ. გავხდით ლიდერი ჯგუფი ინოვაციების სააგენტოს პროექტში ,,დაიწყე ბიზნესი ფაბ-ლაბთან ერთად” და მალევე შევიტანეთ პროდუქცია მაღაზიებში. ხელნაკეთი სანათების ფასი 100 ლარიდან იწყება, გააჩნია სამუშაოს სირთულესა და პროდუქციის ზომას”, - აღნიშნავს ანა გამისონია.  

ახალგაზრდა დიზაინერი, პარტნიორებთან ერთად, ახლო მომავალში წარმოების გაფართოებასა და რეალიზაციის გაზრდას აპირებს. დიზაინერთა ჯგუფი დეკორატიული პროდუქციის პარალელურად, საოფისე ნივთების დამზადებასაც გეგმავს.

ქრისტინე გამთენაძე‪