სამეგრელოს რეგიონში თხილის ახალი ბაღი გაშენდა

სამეგრელოს რეგიონში ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში თხილის ახალი ბაღი გაშენდა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, სამეგრელოს რეგიონში, აბაშის რაიონის სოფელ მარანში პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარის, ონისე გელენიძის 18 ჰექტარზე გაშენებული თხილის ბაღი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროპროექტის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

სამინისტროს ინფორმაციით, ონისე გელენიძე პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის მან 56,678 ლარი მიიღო. აღნიშნული თანხიდან 11,678 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 45,000 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში ხეხილის ბაღები 220 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.

მთელი საქართველოს მასშტაბით ახალი ხეხილის ბაღების გაშენებული ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 1,438 ჰა-ს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 7,4 მილიონ ლარს აღემატება.

სამინისტროს განცხადებით, მათი ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - განაცხადეს სამინისტროში.