თემურ ჭყონია - რამდენიმე სახელმწიფო უწყება გასაუქმებელია

ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ რამდენიმე სახელმწიფო უწყება გასაუქმებელია, რადგან ამით ხარჯები შემცირდება.

ამის შესახებ ჭყონიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. მისი თქმით, ასევე კარგი იქნება თუ რამდენიმე სამინისტრო შეერთდება.

"ვფიქრობ, ამხელა მინისტრთა კაბინეტი არ არის საჭირო საქართველოოში. მე მაგალითად, ეკონომიკის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს გავაერთიანებდი. ამით უფრო ეფექტური და მოქნილი გახდებოდა ეს უწყება. ვერ ვხედავ სპორტის სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს საჭიროებებს. ჩემი აზრით, ასეთი მმართველობა არაეფექტურია", - აღნიშნავს ბიზნესმენი.

თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არის ისეთი დიდი ეკონომიკა და ქვეყნის ბიუჯეტს არ გააჩნია იმხელა თანხები, რომ ამდენი სამინისტროს შენახვა შეძლოს. შესაბამისად, ბიზნესმენი აღნიშნული სამინისტროების არსებობის აუცილებლობას ვერ ხედავს.