მთავარი აქცენტები საგადასახადო სისტემისადმი ბიზნესის დამოკიდებულების თემაზე შემოსავლების სამსახურის კვლევაში

შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო სისტემისადმი ბიზნესის დამოკიდებულების თემაზე ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხული კომპანიების დამოკიდებულება შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და სერვისებისადმი უმეტესწილად დადებითია. თუმცა, ბიზნესსექტორის წარმომადგენლების უმეტესობას საგადასახადო კანონმდებლობის გაუმჯობესების სურვილი აქვს, მათ შორის 80 პროცენტს საგადასახადო კოდექსის გამარტივება და გადასახადების შემცირება სურს. ამასთან, კვლევის ფარგლებში დასახელდა შემთხვევები, როდესაც საგადასახადო შემოწმების გამო საწარმოებს პრობლემა შეექმნათ. ასევე კვლევის მიხედვით, საშუალო და მცირე ზომის მეწარმეები საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ ცვლილებებსა და ღონისძიებებში ნაკლებად არიან ჩართულნი.