იორდანიული ავიაკომპანია თბილისი-ამანის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულებას გეგმავს

ამანი-თბილისი-ამანის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყების შესაძლებლობას ავიაკომპანია მიმდინარე წლის აგვისტოდან განიხილავს.

იორდანიული ავიაკომპანია "Royal Falcon Airlines"-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლისათვის საჭირო სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში დღეს გაიმართა.

როგორც ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განაცხადა, უახლოეს დღეებში "Royal Falcon Airlines"-ის კუთვნილი ტურისტული კომპანია ქართველ ტურ-ოპერატორებთან გაფართოვებულ შეხვედრას გეგმავს, სადაც გადაწყდება აღნიშნული კომპანია, თუ რა ტევადობის საჰაერო ხომალდის ტიპით და სიხშირით იფრენს საქართველოს მიმართულებით ზაფხულის სეზონზე.

„ავიამიმართულებაზე საკმარისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, "Royal Falcon Airlines" არ გამორიცხავს რეგულარულ ოპერირებაზე გადასვლის შესაძლებლობას,“- ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

იორდანიის დედაქალაქ ამანის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანია "Royal Falcon Airlines" რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით ახორციელებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე