მიხეილ ჯანელიძე - ბიზნესისა და დიპლომატიური მისიების თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება

ბიზნესისა და დიპლომატიური მისიების თანამშრომლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ჩართულობით აუცილებლად გაგრძელდება , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტექნოპარკში განაცხადა, სადაც “ამბასადორიალი 2016”-ის ფარგლებში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები ბიზნესასოაციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, დღეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ამბასადორიალის ფარგლებში ელჩებს მიეცათ შესაძლებლობა ბიზნესსექტორის, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ. ჯანელიძის განცხადებით, შეხვედრას ესწრებოდა 20-მდე ბიზნესგაერთიანების წარმომადგენლები და მათ შესაძლებლობა მიეცათ ესაუბრათ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ექსპორტი, ინვესტიციების მოზიდვა და რაც მთავარია, საქართველოში ტექნოლოგიებისა და ინოვაციური პროექტების შემოტანის საკითხები, ასევე საუბარი შეეხო ქართული ბიზნესისთვის საერთაშორისო გამოცდილების მაქსიმალურად მიწოდების შესაძლებლობებს.

„ამ ტრადიაციას წელს ჩაეყარა საფუძველი და აუცილებლად გაგრძელდება რეგულარულ ფორმატებში ბიზნესისა და დიპლომატიური მისიების თანამშრომლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ჩართულობით“, - განაცხადა ჯანელიძემ.