მთავრობა ლატარიის კომპანიისთვის ინვესტორს ეძებს

„სამწუხაროა, მაგრამ ეს კომპანია თანდათან მონოპოლისტად ჩამოყალიბდა“

„საქართველოს ლატარიის კომპანია“ კიდევ ერთხელ მოექცა მთავრობის ყურადღების ცენტრში: როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, კომპანიისთვის სატენდერო დოკუმენტაცია უკვე მზად არის, „ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ახალ ტენდერს გამოვაცხადებთ და კარგ ინვესტორს შემოვიყვანთ“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა და ისიც დასძინა, რომ მთავრობა არ აპირებს ლატარიის კომპანიას სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალი აპატიოს, რომელიც 216 მილიონ ლარს აჭარბებს. შეგახსენებთ, რომ ამ კომპანიის 70% სახელმწიფოს საკუთრებაში 2011 წელს გადავიდა. მას შემდეგ ლატარიის კომპანიას „საქართველოს ფოსტა“ მართავს. 2012 წლის შემდეგ კომპანიაში ისევე, როგორც ფოსტაში, მენეჯმენტი შეიცვალა და საქართველოს ლატარიის კომპანიის დავალიანება არნახულად გაიზარდა.

„ამ უსიამოვნებების ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლავთ, რომ ლატარიის კომპანია თანდათან მონოპოლისტად ჩამოყალიბდა“ - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ დამფუძნებელმა მათე გარდავამ.

- საქართველოს ლატარიის კომპანია ყოველთვის იყო სახელმწიფო მონოპოლია: სახელმწიფომ შექმნა კომპანია, რომელიც მის საკუთრებაში იყო და მარტო ამ კომპანიას მისცა ბაზარზე ოპერირების უფლება - ეს კლასიკური მონოპოლიაა. ლატარიის კომპანიამ სახელმწიფოსგან წინასწარ აიღო ვალდებულებები და რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კომპანია გაკოტრდა - მან აღებული ვალდებულებები ვერ დაფარა. ცოტა არ იყოს, უცნაური მდგომარეობაა, როდესაც სახელმწიფო თვითონ ქმნის მონოპოლიას მაშინ, როცა აცხადებს, რომ მონოპოლია ცუდია. ეს არ არის ერთეული შემთხვევა, საქართველოში ძალიან ბევრი კომპანია საქმიანობს, რომელიც სახელწმიფოს საკუთრებაშია, ისინი ბიზნესის გარეთ საქმიანობენ და სახელმწიფო რესურსით და ბიუჯეტით არსებობენ, რაც ძალიან ცუდია. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს.

- ბატონო მათე, რატომ უნდა დაგროვებოდა ლატარიის კომპანიას ამ რაოდენობის ვალი?

-ეს მართლაც აბსურდია: როდესაც ამხელა რესურსი გაქვს და ბაზარზე კონკურენტიც არა გყავს, ამხელა ვალი არ უნდა დაგიგროვდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს წინასწარ აღებული ვალდებულებების ბრალია. უცნაურია ისიც, რომ სახელმწიფო კომპანიას დაუგროვდა ვალი სახელმწიფოს მიმართ.

- ჩვენი საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ლატარიის კომპანია წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა და ის დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდებოდა.

- წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა, თუ ასი წლის წინ, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ლატარიის კომპანია ყოველთვის იყო მონოპოლია და მონოპოლიად დარჩა - ეს არის მოცემულობა, რომელიც უნდა შეიცვალოს და ეს იქნება ყველაზე გამართლებული ნაბიჯი. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ეს ბიზნესი მართლაც კეზერაშვილის სახელს უკავშირდებოდა, მაგრამ თუ კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება, ყოველთვის გამოჩნდებიან ჩინოვნიკები, რომლებიც მას თავის სახელს დაუკავშირებენ. როდესაც კომპანია კერძოა, სულ ერთია, მის სათავეში ვინ იქნება, მაგრამ როცა სახელმწიფოს საკუთრებაშია და კიდევ ვიღაცის სახელს უკავშირდება, იქ პატიოსან ბიზნესზე ლაპარაკი ზედმეტია. კეზერაშვილი თუ არ არის, სხვა ვინმე გამოჩნდება და ეს ძალიან ცუდია, რადგან ბიზნესი არ არის სახელმწიფოს საქმე. მთავრობას და ჩინოვნიკებს ჩვენ გადასახადებს ქვეყნის მართვაში ვუხდით და არა ბიზნესის წარმოებაში.

- თუმცა, ლატარიის კომპანიის საქმიანობა შორს დგას ტრადიციული ბიზნესისგან. არის კი ეს ბიზნესი?

- ვერ დაგეთანხმებით: ქვეყანაში ყოველთვის არიან აზარტული ადამიანები, რომლებიც ლატარიის ბილეთებს ყიდულობენ - ეს ერთგვარი გართობაცაა, რომელშიც ფულს იხდიან. ლატარიის ბილეთი ყველას გვიყიდია: მეც, თქვენც და ნებისმიერ ადამიანს. შესაბამისად, ამ ბიზნესს მომხმარებელი ყოველთვის ჰყავდა და ჰყავს. მთავარია მონოპოლიები მოისპოს და ეს ბაზარი მოთხოვნა-მიწოდებამ დაარეგულიროს.

- ცნობილი ფაქტია, რომ რამდენიმე თვის წინ, 2016 წლის თებერვალში, კომპანია იყიდებოდა. ეს მხოლოდ ვალის გადახდის მიზნით მოხდა?

- ფინანსთა სამინისტროს ლატარიის კომპანიის გასხვისების სურვილი მართლაც ჰქონდა - ეს უნდა ვაღიაროთ. ეს კომპანია აუქციონზეც იყო გამოტანილი, მაგრამ არავინ იყიდა, რადგან დიდი დავალიანება აქვს. მიუხედავად ამისა, კომპანია დღესაც ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას. გამოსავალი ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია: სახელმწიფომ უნდა გაყიდოს კომპანია, მაგრამ მისი გაყიდვის შემდეგ ლიცენზიების გაუქმება ყველაზე მთავარია. სწორედ ეს არის მონოპოლიის ხელოვნურად შექმნის პირობა. როგორც კი ლიცენზიები გაუქმდება, მაშინვე უამრავი კომპანია დაიწყებს ამ ბაზარზე საქმიანობას - ვიღაც მოიგებს, ვიღაც წააგებს, ვიღაც ბაზარს გამოეთიშება - როგორც ხდება ნორმალური კონკურენციის პირობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ კვლავ გაჩნდებიან ჩინოვნიკები, რომლებიც კომპანიას თავისი სურვილის მიხედვით მართავენ. ამიტომ, ლატარიის კომპანია უნდა გახდეს კერძო და უნდა გაუქმდეს ლიცენზიები, რომელიც ამ ბაზარზე მონოპოლიას ქმნის.

- ოფიციალური ინფორმაციით, ეს წამგებიანი ბიზნესია. ვინ ისურვებს წამგებიანი ბიზნესის მართვას, რომელსაც დამატებით მილიონობით ვალი აქვს?

- ჩემი აზრით, ამ კომპანიას დიდი მოგება აქვს, ამიტომ ყოველთვის შეიძლება გამოჩნდეს ინვესტორი, რომელიც ძველ ვალებსაც გადაიხდის და მოგებასაც მიიღებს. თუ სახელმწიფო გააუქმებს მონოპოლიას და ამ ბიზნესს თავისუფალ ბაზარს მიანდობს, ეს იქნება ყველაზე სწორი და კეთილსინდისიერი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. ახლა მთავარია, რას და როგორ გადაწყვეტს ხელისუფლება. იმედი ვიქონიოთ, რომ კომპანია კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში არ დარჩება.

ხათუნა ჩიგოგიძე