საბაჟო კავშირში სომხეთის გაწევრიანება ქართველ ავტოდილერებს 100 მილიონ დოლარს დააკარგვინებს

სომხეთის საბაჟო კავშირში შესვლა ავტომობილების ექსპორტს საქართველოდან 20%-ით შეამცირებს, - განუცხადა bpn.ge-ს კომპანია ”my auto”-ს ავტობაზრობის მარკეტინგის მენეჯერმა აკაკი გრიგოლიამ.

მისი თქმით, 2010-2011 წლებში, როდესაც ყაზახეთი რუსეთ-ბელარუსთან ერთად ეკონომიკურ ბლოკში გაწევრიანდა და მათ შორის ერთიანი საბაჟო ტარიფები ამოქმედდა, ცენტალურ აზიაში საბაჟო გადასახადებმა ავტომობილების იმპორტზე შესამჩნევად მოიმატა. საქართველო, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების ძირითადი მიმწოდებელი იყო, ბელარუსმა ჩაანაცვლა, რომელთანაც ყაზახეთი ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით ვაჭრობს.

”ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების გამო, მაშინ ქართველ დილერებს რეალიზაცია 80% -ით შეუმცირდათ, მხოლოდ აზერბაიჯანის ხარჯზე მოხერხდა ამ დანაკარგის კომპენსაცია. თუ ამ კავშირს სომხეთიც შეურთდება, გაყიდვები, სავარაუდოდ, 20%-ით შემცირდება, რადგან ამ ქვეყანას საერთო ექსპორტში სწორედ 20% უკავია”, - აცხადებს გრიგოლია.

თუმცა, ავტოდილერი მომავალს მაინც ოპტიმისტურად უყურებს.

”ავტომობილებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით ექსპორტმა 25%-ით მოიმატა. გარდა ამისა, სერიოზული ზრდა დაფიქსირდა შიდა ბაზარზეც, მისმა მოცულობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 11%-ით მოიმატა”, - აცხადებს გრიგოლია.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილებს საექსპორტო ჯგუფებში პირველი ადგილი უკავია. მათი საერთო ღირებულება წელს 10 თვის განმავლობაში 569 მილიონი დოლარით განისაზღვრა, სომხეთის წილად, აქედან, დაახლოებით, 115 მილიონი დოლარია.