უცხოელები ბახმაროს იშვიათად სტუმრობენ

„ბახმაროს“ უფრო მეტი რეკლამა რომ ჰქონდეს, აქაურობაც სვანეთივით პოპულარული იქნებოდა

ბახმაროში შარშანდელთან შედარებით დამსვენებელთა რაოდენობა მომატებულია.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საოჯახო სასტუმროს მფლობელებმა აცნობეს. ერთ-ერთი მათგანი - გრიგოლ ჟღენტი ამბობს, რომ წელს კურორტზე უკეთესი ვითარებაა:

გრიგოლ ჟღენტი: „კურორტს შარშანდელთან შედარებით უფრო მეტი სტუმარი ჰყავს, თუმცა უცხოელები ბახმაროს იშვიათად სტუმრობენ. დამსვენებლების 90 პროცენტი ქართველია. ამის მიზეზი ის არის, რომ ინფრასტრუქტურა არა გვაქვს. მართალია, გზა კარგია, მაგრამ არანაირი გასართობი არ არის. სამაგიეროდ, აქ ულამაზესი ბუნება და ძალიან სასარგებლო ჰაერია, ამიტომ ბახმაროში უფრო მეტად ბუნების მოყვარულები ისვენებენ.

აქ სპეციალურად მოჰყავთ ბავშვები, რომლებსაც ფილტვისა და სასუნთქი გზების პრობლემები აქვთ. სპეციალისტთა თქმით, ბახმაროში 21-დღიანი დასვენება მთლიანად ცვლის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ძალიან მიხარია, რომ უცხოელებს შორის სვანეთი ძალიან პოპულარულია, ბახმაროს უფრო მეტი რეკლამა რომ ჰქონდეს, აქაურობაც სვანეთივით პოპულარული იქნებოდა და უფრო მეტი სტუმარი გვეყოლებოდა".

გრიგოლ ჟღენტის თქმით, აგვისტოდან ტურისტების რიცხვის კიდევ უფრო მატებას ელიან.

„აგვისტო ბახმაროში ყველაზე აქტიური თვეა, რადგან ეს სეზონური კურორტია - ტურისტები აქ მხოლოდ ზაფხულის თვეებში ამოდიან. 19 აგვისტოს დიდი დოღი იმართება. აგვისტოს ბოლოს კი, დამსვენებელთა 80 პროცენტი ბახმაროს ტოვებს. აქ ძირითადად ძველი ხის კოტეჯებია, რომლებიც ახლომდებარე რაიონებში მცხოვრებ ხალხს ეკუთვნის. ისინი ამ კოტეჯებს სეზონურად აქირავებენ. ბევრი მათგანი ცდილობს თავისი სახლი უფრო გაალამაზოს, ამიტომ ძველი შენობები ინგრევა და მათ ნაცვლად ახალი შენდება“, - ამბობს საოჯახო სასტუმროს მფლობელი.

ხათუნა ჩიგოგიძე