„პლანტა“ პამიდვრის წარმოებას გეგმავს

სასათბურე მეურნეობა ,,პლანტა” მიმდინარე წელს გაორმაგებულ მოსავალს ელის.

როგორც თანაინვესტირების ფონდში აღნიშნავენ, წინასწარი გათვლებით, პროდუქციის მოცულობის წლიური მაჩვენებელი 4 000 ტონას გადააჭარბებს. ამ ეტაპზე „პლანტა“ მხოლოდ კიტრს აწარმოებს, მიმდინარე წლის ბოლოს კი მომხმარებელს პამიდვრის სხვადასხვა ჯიშსაც შესთავაზებს.

პლანტას“ სასათბურე მეურნეობის განვითარება ფონდმა წამყვან ფრანგულ კომპანია ,,რიშელ ჯგუფთან” პარტნიორობით 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტის პირველი ფაზა 2015 წლის გაზაფხულზე დასრულდა, რომლის ფარგლებში 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა და 4.4 ჰა სასათბურე კომპლექსი აშენდა. 2016 წელს პროექტის მეორე ფაზა განახორციელდა და „პლანტას“ სასათბურე მეურნეობა 12 ჰექტარამდე გაფართოვდა. როგორც თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიცია 21 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

ამჟამად „პლანტას“ სათბურებში დასაქმებულია 108 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა. 2016 წლის ბოლოს მათი რიცხვი 250-მდე გაიზრდება. „პლანტას" სათბურებში წარმოების პროცესი ჰოლანდიელი და ფრანგი აგროინჟინრების, ტექნოლოგების და ბიოლოგების ზედამხედველობით მიმდინარეობს.

დღეისთვის „პლანტას" პროდუქციის შეძენა თბილისის ყველა მსხვილ სუპერმარკეტსა და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში არის შესაძლებელი.

ქრისტინე გამთენაძე