5 ცნობილი ქართველი ბიზნესმენის უჩვეულო გატაცება

მდიდარ ადამიანებსაც აქვთ თავიანთი უცნაური ჩვევები და გატაცებები.

ამ ცოტა ხნის წინ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კორეელი მილიონერი იო მოექცა, რომელიც ბაჰრეინში ცხოვრობს. ბოლო 11 წელია იო ყოველ დილით, ადრე იღვიძებს და ქუჩებს ალაგებს. მილიონერი ქუჩაში დაგროვილი ნაგვის დახარისხებასა და გადამუშავებაზე განსაკუთრებით ზრუნავს. როგორც ბიზნესმენი ამბობს, ეს პროცესი სიამოვნებას ანიჭებს, ყველაზე მეტად კი ის უხარია, რომ ხალხი სუფთა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრობს. ჩვენ დავინტერესდით, რა გატაცებები აქვთ ცნობილ ქართველ ბიზნესმენებს და ამის დასადგენად სხვადასხვა წყაროს გამოყენება მოგვიხდა:

ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მდიდარი და ცნობილი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია. მიუხედავად იმისა, რომ „ფორბსის“ 2016 წლის რეიტინგის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 400 მილიონი დოლარით შემცირდა, ის მაინც რჩება საქართველოში უმდიდრეს ადამიანად: მისი ქონება 4.8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ფინანსები, მშენებლობა, უძრავი ქონება, რესტორნების ქსელი, სოფლის მეურნეობა და სააფთიაქო ბიზნესი - ამ სფეროებში ივანიშვილი კარგა ხანია მოღვაწეობს, თუმცა მას რამდენიმე საინტერესო ჰობი აქვს: პირველ რიგში ეს ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერობაა. მისი საყვარელი ფერმწერი ვილემ დე კუნინგია, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული ტილო მის კოლექციაში არის პაბლო პიკასოს „დორა მაარი კატებთან ერთად”. მან ეს ნახატი 2006 წელს „სოთბის“ აუქციონზე შეიძინა 95 მილიონ დოლარად. რაც შეეხება ივანიშვილის გატაცებას ეგზოტიკური ცხოველებითა და მცენარეებით, ეს მთელი საქართველოსთვის ცნობილია.

მამუკა ხაზარაძე - ის უკვე რამდენჯერმე დაასახელეს ყველაზე განათლებულ და ელეგანტურ ბიზნესმენად საქართველოში. მის სახელს უკავშირდება „ბორჯომისა“ და „თი ბი სი ბანკის“ დაფუძნება და განვითარება. მამუკა ხაზარაძე დღემდე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა - ბანკისა, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული ფინანასური ორგანიზაციაა ჩვენს ქვეყანაში. მამუკა ხაზარაძის ჰობი ცხენებია. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ამ მშვენიერი არსების სიყვარული ბაბუამ - კავალერისტმა ჟაკო ხუნდაძემ ჩაუნერგა: „ათი წლის ვიქნებოდი, როცა ბაბუამ პირველად წამიყვანა იპოდრომზე და ცხენზე დამსვა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გადმოვუგდივარ, მხედრობა იმდენად შემიყვარდა, რომ დღემდე დიდ სიამოვნებას მანიჭებს“ - ჰყვება ბიზნესმენი. ამ სიყვარულმა განაპირობა მუხრან-ბატონის საჯინიბოს აღდგენა, სადაც ბიზნესმენმა წმინდა სისხლის ცხენები მოაშენა. მამუკა ხაზარაძის აზრით, „ცხენოსნობა, როგორც ინდუსტრია, უნდა აღდგეს, რადგან ქართველებს ამ არაჩვეულებრივ ცხოველთან უდიდესი ისტორია გვაკავშირებს“.

გოგი თოფაძეც საქართველოში ერთ-ერთ მდიდარ ადამიანად არის მიჩნეული, ის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ბიზნესშია. 1994 წელს დააარსა ლუდის კომპანია „ყაზბეგი”, ხოლო 1997 და 1998 წლებში საქართველოს საუკეთესო ბიზნესმენადაც დაასახელეს. გოგი თოფაძის ჰობი ნადირობა და თხილამურებზე დგომაა. ქართული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუებში ის ამბობს, რომ სანადიროდ ევროპაშიც ყოფილა და ჩრიდილო კავკასიაშიც. ავსტრიაშიც წასულა ირემზე სანადიროდ. ნადირობა საკმაოდ ადრე დაუწყია - ბავშვობის ასაკში: 13-14 წლისა ვიყავი, როცა დედის მეგობარმა კურდღელზე სანადიროდ წამიყვანა და იმის შემდეგ ნადირობისთვის თავი აღარ დამინებებიაო - ამბობს გოგი თოფაძე.

თოფაძის აზრით, სამონადირეო ტურიზმი ძალიან დიდ სიკეთეს მოუტანს საქართველოს და ძალიან კარგი იქნება, თუ ეს საქმე განვითარდება.

ლევან ვასაძე არა მარტო საქართველოშია პოპულარული, არამედ რუსეთშიც. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა რუსეთში წამყვანი სადაზღვევო კომპანიის „როსნოს“ აღმასრულებელ დირექტორად. 2006 წელს რუსეთის აღმასრულებელ დირექტორთა ტოპასეულში მოხვდა და წლის ფიგურად დაასახელეს. მისი კომპანია 11 სხვადასხვა ბიზნესმიმართულებას აერთიანებს: ტელეკომუნიკაციებს, უძრავი ქონებას, საბანკო სისტემებს, ვაჭრობას და ა.შ. ამბობენ, რომ ის ჟურნალისტების ფავორიტია და თითქმის არასდროს ამბობს უარს ინტერვიუზე. თავად კი ფიქრობს რომ ძველმოდური ადამიანია. არასდროს დადის ელიტურ წვეულებებზე და ამბობს, რომ ამ ყველაფერს ცოლ-შვილთან ყოფნა ურჩევნია. ლევან ვასაძეს ექვსი შვილი ჰყავს და სამაგალითო მეოჯახეა. ბიზნესმენის ყველაზე დიდი გატაცება პოეზიაა, მისი ლექსების უმეტესობა საქართველოს და რელიგიურ თემატიკას ეძღვნება. პრესა წერს, რომ ის სამსახურში შაბათ-კვირასაც დადის, თუმცა, ასეც არ არის, ვასაძე უარს არასდროს ამბობს დასვენებაზე. „ცხოვრებას მე ორ ნაწილად ვყოფ: საქმე და სიამოვნება. ჰობი ასევე მნიშვნელოვანი საქმიანობაა ჩემთვის“ - ამბობს მულტიმილიონერი. ბიზნესმენის სერიოზულ გატაცებად რაგბიც უნდა მივიჩნიოთ: თავის დროზე ის საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა და დღემდე დიდი ინტერესს ამჟღავნებს სპორტის ამ სახეობის მიმართ.

თემურ ჭყონიას ძალიხმევით საქართველოში ორი დიდი ბრენდი - „კოკა-კოლა“ და „მაკდონალდსი“ შემოვიდა. ის ერთ-ერთი უმდიდრესი ქართველია. „კოკა-კოლას“ ბიზნესმენი თავის „შვილობილს“ უწოდებს, თუმცა ასევე აქტიურად არის დაკავებული „მაკდონალდსის“ ქსელის გაფართოებით. „კოკა-კოლა“ და „მაკდონალდსი“ რამდენჯერმე დასახელდა წლის საუკეთესო კომპანიებად, თემურ ჭყონია კი - წლის საუკეთესო ბიზნესმენად. თემურ ჭყონიას თქმით, რაღაც განსაკუთრებული ჰობი არა აქვს, თუმცა ბავშვობაში ძალიან უყვარდა სპორტი - ფეხბურთი, კალათბურთი, ჭიდაობა, კრივი - „თითქმის ყველაფერი კარგად გამომდიოდა და ბევრსაც ვვარჯიშობდი. კიდევ ქუჩაში, მეგობრებთან ერთად ყოფნა მიყვარდა. ჩვენს დროს არც ტელევიზორი იყო, არც ინტერნეტი და არც კომპიუტერი. ქუჩა და მეგობრების წრე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანებთან ურთიერთობა შეგეძლო“ - ამბობს თემურ ჭყონია ერთ-ერთ ინტერვიუში. რაც შეეხება წარმატებული ბიზნესმენების კიდევ ერთ დამახასიათებელ თვისებას - ძვირფასი ბრენდებითა და მანქანებით გატაცებას, მას ეს არ ახასიათებს, თუმცა მისი რჩეული მანქანა „მერსედესია“: „მანქანებში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ ყოველთვის „მერსედესი“ მყავდა და ახლაც „მერსედესი“ მყავს. ოღონდ კლასს ნუ მკითხავთ, არ ვიცი. ერთი ის ვიცი, რომ ძალიან კარგია“ - აცხადებს ბიზნესმენი.

ხათუნა ჩიგოგიძე