ქართველის მიერ დაფუძნებული კომპანია დიდ ბრიტანეთში ყველაზე სწრაფად მზარდი ნატურალური წვენების კომპანიაა

Savse - ასე ეწოდება ქართველი გუკა თავბერიძის მიერ დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულ კომპანიას, რომელიც „ბიბისის“ ინფორმაციით, ყველაზე სწრაფად მზარდი ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანიაა ქვეყანაში.

„ბიბისის“ ცნობით, ბოლო სამ წელიწადში კომპანიის ბრუნვამ 13 მილოონი დოლარი შეადგინა, ბოლო 12 თვის განმავლობაში კი კომპანიის გაყიდვების ზრდამ 600%-ს მიაღწია.

„სავსე ქართული სიტყვაა. კომპანიის დამფუძნებელი კი ქართველი გუკა თავბერიძეა. ბიზნესის წამოწყებისკენ გუკას ფეხმძიმე დედამ უბიძგა, რომელიც ორსულობის დროს სახლში თავად ამზადებდა ნატურალურ, ჯანსაღ წვენებს“, - ნათქვამია „ბიბისის“ რეპორტაჟში.

როგორც რეპორტჟში თავად „სავსეს“ დამფუძნებელი გუკა თავბერიძე ამბობს, ჯერ კიდევ 5 წლის წინ უნდოდა ბიზნესის დაწყება, თუმცა არც გამოცდილება და არც რეალური იდეა ჰქონდა, თუ რა მხრივ განევითარებინა თავისი ბიზნესი.

„ეს იყო მხოლოდ ოცნება. თუმცა, შემდეგ დედაჩემის შემყურე ეს იდეა მომივიდა. 2013 წელს დავიწყე წვენების გაკეთება, თავდაპირველად ძალიან რთული იყო. ფაქტობრივად, დედაჩემის სამზარეულოში მეძინა“, - ამბობს გუკა თავბერიძე.

მისი თქმით, „სავსეს“ წარმატება მეტწილად იმან განაპირობა, რომ კომპანიამ უარი თქვა შაქრის გამოყენებაზე და წვენებს მხოლოდ ნატურალური ხილისგან ამზადებდა.

„ბიბისის“ ცნობით, 2010-2015 წლებში დიდ ბრიტანეთში წვენების მოხმარება 13%-ით შემცირდა და ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა ნატურალური წვენების მწარმოებელი სტარტაპ-კომპანიები.