რა პერსპექტივა აქვს საქართველოში სამედიცინო ტურიზმს

„თუ კომფორტს არ შევუქმნით, უცხოელ ტურისტებს ვერ მოვიზიდავთ“ 

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ტაილანდში, ეგვიპტეში, თურქეთში, ისრაელში სამედიცინო ტურიზმი უმაღლეს დონეზეა განვითარებული და ყოველწლიურად ქვეყნებს ამ მიზნით ათასობით ტურისტი სტუმრობს. ტურიზმის ამ საინტერესო, პერსპექტიულ მიმართულების განვითარებას პერსპექტივა საქართველოშიც აქვს, მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის გამოირჩეოდა უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტებით. იმის თაობაზე, რომ სამედიცინო კურორტების თვალსაზრისით დიდი პოტენციალი გვაქვს, უკვე მთავრობის პირველი პირებიც საუბრობენ. მათ შორის, პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი - კახა კალაძე, რომლებმაც რაჭის რეგიონის პოტენციალს მიაქციეს განსაკუთრებული ყურადღება. თუმცა, ტურიზმის სფეროს წარმომადგენელები აცხადებენ, რომ ამ მხრივ საქართველოს ბევრი რეგიონი უნიკალური და გამორჩეულია.

"ბიზნესპრესნიუსი" საქართველოში სამედიცინო ტურიზმის პერსპექტივებზე „საქართველოს ტურიზმის ასოციაციის“ თავმჯდომარე ნატა კვაჭანტირაძეს ესაუბრა.

- სამედიცინო ტურიზმი მართლაც ძალზე საინტერესო მიმართულებაა და ეს მიმართულება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში პოპულარულია. არსებობენ ქვეყნები, რომლებმაც ამ სფეროში დიდ წარმატებებს მიაღწიეს. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის პოპულარიზაცია ბოლო ხანებში განსაკუთრებით გააქტიურდა. კავკასიის რეგიონი და მათ შორის, საქართველოც, მინერალური და თერმული წყლების დიდი რაოდენობით გამოირჩევა, რაც საშუალებას გვაძლევს სამკურნალო კურორტები არაერთ რეგიონში განვავითაროთ. ამ ხმრივ გამორჩეულია საკურორტო ზონები, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია მიმოფანტული.

- ქალბატონო ნატა, ქვეყნის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს რაჭაზე. რით არის ეს გამოწვეული?

- ეს იმიტომ ხდება, რომ რაჭაში ჩვენ გვაქვს თერმული წყლები, რომლებიც პრაქტიკულად გამოუყენებელია. ამ ულამაზეს მხარეში არის რამდენიმე მინერალური წყალი, რომელიც სხვადასხვა დაავადებას კურნავს. მათი სამკურნალო თვისებები უნიკალური და გამორჩეულია. უბრალოდ, ინფრასტრუქტურის მოწყობა, სასტუმროების მშენებლობა და იქაურობის კეთილმოწყობა უნდა შევძლოთ, მაგრამ ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ მხარეს ყურადღება მიექცევა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი უნიკალური კურორტის კეთილმოწყობა, როგორიც ბახმაროა. ბახმაროში განსაკუთრებული ჰავაა იმათთვის, ვისაც ბრონქები და სასუნთქი სისტემის დაავადებები აწუხებს. ამავე დროს, ეს არის უნიკალური საშუალება ბავშვებისთვის, რომ სასუნთქი გზები გაიკაჟონ. ამიტომ, ბევრი მშობელი ცდილობს იქ რამდენიმე კვირით მაინც წაიყვანოს თავისი შვილი, რომ მერე მთელი წლის განმავლობაში ჯანსაღად ჰყავდეს. ასევე საყურადღებოა გურიის და აჭარის რეგიონში არსებული სხვა ადგილებიც. საქართველოში კიდევ ბევრი გამორჩეული კურორტია, მაგალითად, ბაკურიანი ძალიან კარგია ბავშვებისთვის არა მარტო ზამთარში, არამედ ზაფხულშიც. იქ არის არაჩვეულებრივი წიწვოვანი ტყე, რომელიც ადამიანისთვის ძალიან სასარგებლოა. იგივე უნდა ითქვას საირმესა და აბასთუმანზეც. ურეკი, მალთაყვა, შეკვეთილის ტერიტორია - ეს ადგილები საუკეთესოა იმათთვის, ვისაც სახსრები აწუხებს, რადგან იქ უნიკალური ქვიშაა, რომელიც მაგნეტიტს შეიცავს. სწორედ ამის გამო, ექიმები ხშირად აძლევენ მშობლებს რეკომენდაციას, რომ იქ ბავშვები ატარონ.

- ისიც საყურადღებოა, რომ ტურიზმის ეს სახეობა მხოლოდ დასასვენებელი ადგილების კეთილმოწყობას არ გულისხმობს...

- დიახ, სამედიცინო ტურიზმი სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს: აქამდე ჩვენ საკურორტო ზონებზე ვისაუბრეთ, მაგრამ სამედიცინო ტურიზმი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სამკურნალოდ წასვლას სხვა ქვეყანაში. როდესაც ადამიანი მიემგზავრება სხვა სახელმწიფოში და იქ ოპერაციას იკეთებს, ესეც სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულებაა. უცხოეთის ქვეყნებში ცდილობენ უფრო მეტი პოპულარიზაცია გაუწიონ ამ მიმართულებას და მასში რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩართონ. ეს მიმართულება ჩვენთანაც განვითარებულია, მაგრამ არც ისე კარგად. რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციას, ძალიან ბევრი გამოცდილი ქირურგი გვყავს, რომელსაც პაციენტები სამკურნალოდ და საოპერაციოდ მეზობელი ქვეყნებიდანაც აკითხავენ, რადგან აქ არის საშუალება შედარებით დაბალ ფასებში გაიარონ მკურნალობის კურსი. ასე რომ, სამედიცინო ტურიზმი მედიცინის განვითარებასთანაც მჭიდროდ არის დაკავშირებული. ამ მხრივ ძალიან დაწინაურდა ჩვენი მეზობელი ქვეყანა - თურქეთი, სადაც ძალიან კარგად არის განვითარებული ტურიზმის ეს სახეობა. თურქული საავადმყოფოები მაქსიმალურად უწყობენ ხელს, რომ სხვა ქვეყნებიდან პაციენტები მიიზიდონ. სამკურნალო ტურიზმის განვითარებას ხელს ისიც უწყობს, რომ თურქეთში მედიცინა საკმაოდ მაღალ დონეზეა.

- ესე იგი, თუ სამკურნალო ტურიზმის განვითარება გვსურს, სამედიცინო სფეროს სრულყოფაზეც უნდა ვიზრუნოთ?

- სამკურნალო ტურიზმი ამის გარეშე წარმოუდგენელია. კიდევ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი: კომფორტი და ინფრასტრუქტურა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი კურორტები გვაქვს, ამ მიმართულებით მაინც ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ძალიან კარგია, რომ ზოგიერთი კურორტი მაღალ დონეზე მოეწყო - საირმე, ბორჯომი, წყალტუბო - ეს ადგილები ბოლო წლებში მაქსიმალურად არის დატვირთული. რაც შეეხება კურორტებს, რომლებსაც ამჟამად დახმარება ძალიან სჭირდებათ, პირველ რიგში მათი ინფრასტრუქტურის მოწყობა უნდა მოვახერხოთ. უნიკალური ჰავა და კლიმატი კარგია, მაგრამ კეთილმოწყობილი გზების, გასართობი ადგილებისა და კომფორტის გარეშე უცხოელ ტურისტებს ვერ მოვიზიდავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე