“სტარტაპ საქართველოს” ფარგლებში სილიკონ ველის ვენჩურული ინვესტორებისა და ექსპერტების ვიზიტი დაიწყო

მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის საინვესტიციო პროგრამა “სტარტაპ საქართველოს” ფარგლებში, 14 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში ვენჩურული ინვესტორებისა და სილიკონ ველის ექსპერტების ვიზიტი დაიგეგმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის პირველ დღეს მათ ტექნოპარკი დაათვალიერეს გაეცნენ მის სერვისებს, პროგრამებს, პროექტებსა და ინფრასტრუქტურას, სადაც მომავალი ხუთი დღის განმავლობაში სტარტაპებთან ერთად იმუშავებენ.

მათივე ცნობით, ვენჩურულ ინვესტორებთან თანამშრომლობის საფუძველზე, ”სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეის ფინალისტები ტრენინგების ციკლს 15 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით გაივლიან, რაც მათ მომზადებას უზრუნველყოფს ვენჩურული ინვესტორების წინაშე წარსადგენად. ტრენინგების სესია 15 აგვისტოს, ტექნოპარკში, 09:00 საათზე დაიწყება.

როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციაში აღნიშნული, ”სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში ჩამოსული ხუთი ექსპერტი მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეის 51 ფინალისტ სტარტაპთან ხუთი დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავებს. სამუშაო თემები შეეხება ვენჩურულ ინვესტორებთან თანამშრომლობას, სილიკონ ველის პრინციპების გაცნობას, სტარტაპის განვითარების პერსპექტივებს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბაზარს, დამწყები ბიზნესების ბიზნეს მოდულებსა და ფიჩინგისა და პრეზენტაციების უნარების დახვეწას.

ტრენინგების განმავლობაში ფინალისტებს საშუალება მიეცემათ ინდივიდუალურად მიიღონ რჩევები ჩამოსული ექსპერტებისგან, რომლებსაც სფეროში უდიდესი გამოცდილება აქვთ. ისინი მუშაობენ ისეთ კომპანიებსა და ორგანიზაციებში, როგორებიცაა MDI & Associates, NSI, Bay Area, FutureLab Consulting, Next Generation Ventures.

”ფინალისტებისათვის ტრენინგების ჩატარების მთავარი ამოცანაა მოხდეს მათი პროექტების სტრუქტურის დახვეწა, გუნდების მომზადება ფიჩინგსა და პრეზენტაციებში, რათა ღირსეულად წარსდგნენ ისინი სილიკონ ველის ვენჩურული ინვესტორების წინაშე 24-დან 26 აგვისტოს ჩათვლით. არის სპეციალური ფორმატები და მოთხოვნები, რაც შერჩეულმა 51-მა ფინალისტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ვენჩურული ინვესტიციების ბაზარი საკმაოდ დაბალია, თუ შევადარებთ სილიკონის ველის, სადაც საინვესტიციო კაპიტალის 75%-ია კონცენტრირებული. სტატისტიკურად, 2016 წელს ინვესტიციების 91%, რაც 12 მილიარდ დოლარს შეადგენდა, სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის. საჭიროა, ჩვენ გამოვიყენოთ აღნიშნული უდიდესი პრაქტიკა, შევუქმნათ სტარტაპებს საჭირო გარემო გასავითარებლად და მივცეთ შანსი მაღალი დონის პროფესიონალებისგან ისწავლონ, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და დააკმაყოფილონ ყველა მოთხოვნა და კრიტერიუმი“,- განაცხადა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ.

24-დან 26 აგვისტოს ჩათვლით ”სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების ფინალისტები 5 დღიანი ინტენსიური ტრენინგის შემდეგ უკვე სილიკონ ველის ვენჩურული ინვესტორების წინაშე წარსდგებიან, სადაც მათ შეეძლებათ საკუთარი ბიზნესიდეა რამდენიმე წუთში მოწვეულ ინვესტორებს გააცნონ და გამარჯვებისათვის იბრძოლონ. ვენჩურული ინვესტორები წამყვანი საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები არიან, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ინოვაციების სფეროში უმსხვილეს პროექტებზე მუშაობენ და უდიდესი გამოცდილება აქვთ. მათ მიერ შერჩეული ფინალისტები განისაზღვრებიან გლობალური პოტენციალისა და ზრდის პერსპექტივის შესაძლებლობის მიხედვით.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, ინოვაციური ბიზნესის წარმოებისათვის, ჯამში პროექტ ”სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში, 720-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა.

”აქედან მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 17 ივნისიდან 17 ივლისამდე 150-მდე განაცხადი გაკეთდა, მათ შორის კი 51 ფინალისტია, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ამ ეტაპზე საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. 3-კვირის განმავლობაში შემოსული განაცხადების შეფასებას საერთაშორისო ექსპერტები “სილიკონის ველიდან” აფასებდნენ. იმ პროექტებს, რომლებმაც საერთაშორისო მოთხოვნები და პრინციპები ვერ დააკმაყოფილეს, გათვლა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე გააკეთეს და ვერ გადავიდნენ ფინალურ ეტაპზე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მომავალში ხელს შეუწყობს განვითარებასა და წინსვლაში”, - აცხადებენ სააგენტოში.

სტარტაპები, პროგრამის ფარგლებში, 15 000-დან 100 000 ლარამდე ფინანსდება. ამასთან, ბენეფიციარს არ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95% იქნება. გამარჯვებული მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეები ფიჩინგის სესიების შემდეგ გამოცხადდება.