თბილისში დაუსრულებელ მშენებლობებზე შესაძლოა, ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის გადახდის საშეღავათო წესი და პირობები დაწესდეს

თბილისში, დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიზნით, კომპანია/ამხანაგობების წარმომადგენლებისთვის, შესაძლოა ახალი საშეღავათო პირობების შეთავაზება მოხდეს.

პარლამენტს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმკდომარემ ზურაბ ტყემალაძემ ”ადგილობრივი მოსაკრებელების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით, თბილისის საკრებულო უფლებამოსილი იქნება, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გაზრდისას, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდის, გადახდისგან გათავისუფლების, ასევე მოსაკრებლის გადახდის გადავადების წესი და პირობები დაადგინოს.

როგორც პროექტის ავტორი განმარტავს, თბილისის ტერიტორიაზე არაერთი ობიექტის მშენებლობაა შეჩერებული. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, თბილისის მთავრობის 2016 წლის 6 აპრილის განკარგულებით შეიქმნა დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია, რომლის მიზანია დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობა და მშენებლობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექნა. აღნიშნული კომისიის ფარგლებში მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება ამხანაგობების/კომპანიების წარმომადგენლებთან, რათა მათი პრობლემების იდენტიფიცირების გზით შესაძლებელი გახდეს საშეღავათო პირობების შეთავაზება, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობის მიზნით.

როგორც პარლამენტში წარდგენილ პროექტშია აღნიშნული, მოლაპარაკების შედეგად გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთ მწვავე პრობლემად დგას განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გაზრდისას გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდის საკითხი.

”შესაბამისად, საჭიროა თბილისის საკრებულოს მხრიდან სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მოსაკრებლის გადახდის საშეღავათო წესისა და პირობების დადგენა”, - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტების დონეზე უკვე განიხილეს, თუმცა მასზე გადაწყვეტილების მიღება, სავარაუდოდ მომავალ პარლამენტს მოუწევს.

ნათია ინაური