ვინ არიან ბიზნესმენები, რომლებმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტეს

ბიზნესმენთა ნაწილს პოლიტიკაში კარიერის გაგრძელება ხშირად იზიდავს.

რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების სიაში სამი ბიზნესმენი - ილია წულაია, დავით ჭიჭინაძე და ბექა ოდიშარია გამოჩნდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ წარმოგიდგენთ მათ საქმიანობას პოლიტიკის მიღმა.

ილია წულაია

სამშენებლო კომპანია ”არქი-ჯგუფის” დამფუძნებელი და დირექტორი 33 წლის ილია წულაია „ქართულ ოცნებას“ დიდუბის მე-16 ოლქში წარადგენს. ახალგაზრდა ბიზნესმენმა ბიზნესში  ძალები ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მოსინჯა. 2003 წელს დედის ძვირფასეულობა დაალომბარდა, აღებული ფულით კი ძმასთან ერთად ბაქოდან ფეხსაცმლის შემოტანა დაიწყო.

მოგვიანებით სამოქალაქო სამართლის იურისტად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი სამშენებლო ბიზნესში გადავიდა. 33 წლის ბიზნესმენმა „არქი ჯგუფი“ 2006 წელს დააარსა. თავდაპირველად კომპანია საინვესტიციო და საკონსულტაციო საქმიანობით იყო დააკვებული. საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე კი აქტიურად 2008 წლიდან შემოვიდა. კომპანიას აქვს პარტნიორების ქსელი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ჯერ კიდევ გასულ წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ილია წულაია აცხადებდა, რომ პოლიტიკაში წასვლაზე არ ფიქრობდა. 

„პოლიტიკაში წასვლაზე ალბათ, ნებისმიერ ადამიანს უფიქრია. ხომ იცით გამონათქვამი, ნებისმიერი ამერიკელის ოცნებაა გახდეს პრეზიდენტიო. ჩემი ოცნება პრეზიდენტობა არ არის. თუმცა, იდეაში წარმომიდგენია, მაგრამ სერიოზულად - არა“,  - განაცხდა ილია წულაიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ბიზნესპრესთან" საუბრისას.

ბექა ოდიშარია

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კიდევ ერთი კანდიდატი ”ჯინდალ პეტროლიუმის” გენერალური დირექტორი ბექა ოდიშარიაა. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით 2006 წელს დაფუძნდა. კორპორაციის შემადგენლობაში შევიდა სს "საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის", სს ,,საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის" და სს "საქნავთობის" სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციების 100%.

2011 წლის სექტემბერში კორპორაციამ სამართლებრივი ფორმა შეიცვალა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. ამჟამად კორპორაციის აქციათა 100%-ს სს "საპარტნიორო ფონდი“ ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაშია. კომპანიის მართვის უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.